ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისის შემდეგ ეს უკვე ქვეყნის შესახებ მიღებული მეექვსე რეზოლუციაა, თუმცა ხელისუფლებას ევროსაბჭოს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია.
კროსმა დეტალურად ჩამოთვალა შეუსრულებელი პირობები — „აგენტების კანონის“ გაუქმება, ოპოზიციის აკრძალვაზე უარის თქმა, აქციებზე ძალადობის შეწყვეტა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ევროპული ჩართულობისა და დიალოგის წინაპირობა პოლიტპატიმრების, მათ შორის ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა იყოს.
„არსებითად, საქართველოს ხელისუფლება ამ ასამბლეის შანტაჟს ცდილობს და ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუშვებთ. თუ ჩვენი ორგანიზაცია არ უსმენს ამ ასამბლეას, რატომ უნდა უსმენდეს მას ვინმე სხვა, მათ შორის საქართველოც?“ — განაცხადა ესტონელმა პოლიტიკოსმა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მკაცრი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდა.















