მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე “მთავარ არხთან” ყვება.
ის ამბობს, რომ მისი შვილის საჩვენელი დასჯა უნდათ, რადგან ცნობადია.
ოთარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ პოლიციელები სახლში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რადგან “იმედის” ოპერატორს ელოდებოდნენ, რათა დაკავება გადაეღო.
“ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალებები, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი იყო.
ბრალეულობის წარდგენის შემდეგ დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს და რომ ვკითხე, ვინ იყო, იმედის ოპერატორი ვარო.
რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, საჩვენებელი დასჯის მომენტია.
მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილის, რაც არ უნდა გააკეთებს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა – სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო”, – ყვება ანდრო ჭიჭინაძის მამა.
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.