ანდრო გოცირიძე: “კიბერკრიმინალის გამოძიება ძალიან ქვეყნებისთვისაც კი პრობლემატურია”

ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმის კონტექსტში, ზოგადად კიბერდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ტიპის დანაშაულის სრულყოფილად გამოძიება, განვითარებულ ქვეყნებსა და ა.შ.შ-საც კი უჭირთ. ანდრო გოცირიძის თქმით, ასევე ძალიან რთული და სპეციფიკურია ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღების შემთხვევების გამოძიება და ამ კუთხით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას.

“ძირითადი პრობლემა კიბერდანაშაულის გამოძიებაში არის ატრიბუცია. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი, იმიტომ რომ ჰაკერებს ან კიბერკრიმინალებს ​შესაძლებლობა აქვთ სხვისი მისამართით, საერთოდ სხვა ქვეყნიდან მოახდინონ ატვირთვა, თუ შეღწევა ჩვენს კომპიუტერში და ა.შ. იდენტიფიკატორი – “აიპი” მისამართი რაც არის, ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე მისი ფიზიკური მდებარეობას. ამისი შეცვლა სავსებით მარტივად არის შესაძლებელი და ამიტომ გამოძიება ყოველთვის არის ხოლმე გართულებული. მაგალითად, როცა რუსეთი ესხმოდა თავს საქართველოს, 2008 წელს, სერვერები სულ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რიგ შემთხვევაში ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებშიც იყო განთავსებული. ზუსტად იგივეა კრიმინალთან დაკავშირებითაც. შეიძლება ვთქვათ რომ ჩემი “აიპ” მისამართი მონაწილეობდეს, მაგრამ ჩემი კომპიუტერი სხვისი მართვის ქვეშ იყოს, ამიტომ თვითონ გამოძიება ძალიან სპეციფიკური და ძალიან რთულია. მათ შორის ეს ეხება ინტერნეტქსელში ნარკოტიკების გასაღებას. ბოლო დროს რასაც მივადევნე თვალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კარგი ნაბიჯები გადაიდგა და რამდენიმე გამოვლენა იყო. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულები ძნელად გამოსაძიებელია, ხშირად მივდივართ რაღაც დონემდე და იმის იქით კვალი იკარგება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა იმიტომ, რომ თუ ეს თავდასხმა სხვისი ტერიტორიიდან განხორციელდა, ქვეყნები რომლებიც ბუდაპეშტის კონვენციას არიან მიერთებული, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და არეზერვებენ იმ მონაცემებს, რომლებიც შემდგომ გამოძიებას ჭეშმარიტი კვალის მიგნებაში ეხმარება. შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში, გამოცდილებაც მეტია. ამ თვალსაზრისით საქართველოსაც საკმაოდ ნორმალური საგამოძიებო აპარატი ჰყავს და იმედი მაქვს, რომ გამოვლინდება დამნაშავე. ატრიბუცია და კიბერკრიმინალის გამოძიება ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი პრობლემატურია. ატრიბუციას როგორც პრობლემას იცნობს იგივე ამერიკის შეერთებული შტატები და მათი სადაზვერვო დანაყოფების ანგარიშებშიც კი ამას პრობლემად თვლიან. ხომ წარმოგიდგენიათ მათი კიბერშესაძლებლობები და ბიუჯეტი რამდენად დიდია ჩვენსაზე, მაგრამ მათთვისაც ეს პრობლემად რჩება. თუმცა თანამშრომლობა ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ხოლმე და იმედებს მატებს, იმიტომ რომ ერთ ქვეყანაში არ ხდება ეს დანაშაული და შესაძლოა სხვა ქვეყნების კიბერსივრცე გაიაროს.”- განაცხადა ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიავეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ