საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, თუმცა ახლა ქართულ პოლიტიკაში ორმაგი ბიძინიზაციაა – ასეთია გავლენიანი ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის პირველი შეფასება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ. ევროპელი პოლიტიკოსი რამდენიმე ვერსიით ხსნის “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გადაწყვეტილებას.
პირველი – ეს გადამწყვეტი არჩევნებია. ევროპარლამენტარის შეფასებით, ივანიშვილის ეფექტის გარეშე “ოცნების” გამარჯვების შანსები მცირე იყო.
მეორე სანქციებისგან თავის არიდებაა, თუმცა ივანიშვილს აქვე აფრთხილებენ, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის ინდულგენცია ვერ იქნება.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “პირველებთან” ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მისი თქმით, ის არც არსად ყოფილა წასული.
მისი დაბრუნება ჩვენთვის დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ის არსად წასულა. ის “ქართული ოცნების” მთავრობის ერთადერთი რეალური ბოსი იყო. ახლა ყველაფერი ფორმალურად შეიცვალა და განაცხადა „მე ვბრუნდები“. საკითხავია- რატომ დაბრუნდა? ივანიშვილი ან ხვდება, რომ მისი პარტია დიდ განსაცდელშია, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს, ან მას საქართველოს მართვა პრეზიდენტის რანგში უნდა. რატომ უნდა პრეზიდენტობა? ის გრძნობს, რომ ამერიკული სანქციები მის წინააღმდეგ შესაძლოა, ნამდვილად განხორციელდეს, პრეზიდენტობით კი ფიქრობს, რომ ამას თავს აარიდებს.
კიდევ ერთი საკითხია, რეკომენდაციები. ევროკომისიამ სტატუსის მოსანიჭებლად გადმოგცათ პირობები შესასრულებლად, მათ შორის დეოლიგაქრიზაცია. ივანიშვილის დაბუნება კი ეწინააღმდეგება ევროკომისიის მოთხოვნას. საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ჩემმა კოლეგებმა მას უწოდეს დებიძინიზაცია, ახლა ყველაფერი პირიქით ხდება, ქართულ პოლიტიკაში ორმაგი ბიძინიზაციაა. ეს კი საქართველოს ევროინტეგრაციას ვერ დაეხმარება. რაღაც მიზეზით “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა იფიქრეს, რომ ევროკომისიის ამ მოთხოვნას უარყოფდნენ, ევროპული ინსტიტუტები და ევროპარლამენტი ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.