ანდრიუს კალინდრა განცხადებებზე, რომ „საქართველო ღია კარში დგომით დაიღალა“ – იყავით და დარჩით მზად!

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უკვე განიხილა საქართველოში არსებული ვითარება მაისის ბოლოს. ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოს სხვა მიმართვა ექნება. ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საქართველოსთვის “სრულიად არასაჭიროა” და განმარტა ისიც, რომ

“თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, ევროკავშირს წევრობა ასევე მოიცავს კონსენსუსის კულტურას”.

„[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონზე, როგორც თქვენ სწორად ახსენეთ, ამდენმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. და თუ აზრს გეოგრაფიულად, დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის შევაფასებთ, დავინახავთ, რა თქვეს დემოკრატიულმა ქვეყნებმა და რა გზავნილი იყო ავტოკრატიული რეჟიმების მიერ. თავად ევროკავშირი მართლაც უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი იყო და არის სრულიად არასაჭირო საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მან უკვე იმოქმედა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე.

ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთულია, სადაც კონსენსუსია საჭირო. მაგრამ რატომ ვამბობ ამას, რადგან მსურს ხაზი გავუსვა ამ კონსენსუსის კულტურას; რადგან თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, ევროკავშირს წევრობა ასევე მოიცავს კონსენსუსის კულტურას. კონსენსუსის გარეშე ევროკავშირში არაფერი ან თითქმის არაფერი ხდება,“ – განაცხადა ელჩმა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დასმულ შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს კანონი დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებისთვის მისაღები გამხდარიყო, ელჩმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონების მიღება თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და ეს არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა.

„ევროკავშირში არის დისკუსია საბოლოო დირექტივაზე და ეს დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, ეს არ იქნება თავისუფლებების ხარჯზე. ყველაფერი, რაც ხდება ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტში, ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ეს ასევე პოლიტიკური საკითხია. ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ სამართლებრივ ელემენტებზე ფოკუსირებისთვის, შესაძლოა, ჩვენ ასე არ ვუყურებთ საკითხს”, – განაცხადა ანდიურს კალინდრამ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ საქართველო იჩაგრება ევროკავშირისა და „ნატოს“ კართან მოცდით და „ორპირ ქარში დგომით“ დაიღალა, დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ შეფასებებს რამდენიმე წლის წინ გაიგებდა, მაგრამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქებში დიდი ტრანსფორმაცია მოხდა და საქართველოს აქვს რეალური შანსი 2030 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.

„მე გავიგებდი და აღვიქვამდი ამ შიშს, თუ ამაზე 2020 ან 2021 წლებში ვისაუბრებდით; თუმცა, მას შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის დედაქალაქებში დიდი ტრანსფორმაცია ხდება ევროკავშირის გაფართოებისადმი დამოკიდებულებაში. ისე, როგორც არასდროს, ევროკავშირის გზაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით სამი ქვეყანა დაწინაურდა: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

2030 წლის ევროკავშირის გაფართოების შემდგომ ეტაპზე კონსენსუსიც კი არსებობს. რას ნიშნავს ეს 2030? ეს ნიშნავს, რომ 2028 წლისთვის გაწევრიანების ყველა მოლაპარაკება და საუბარი უნდა დასრულდეს და 2028 წელი, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებით ახლა, ძალიან მალეა. ლიეტუვამ იცის ეს, რადგან ჩვენ თავად გავიარეთ ეს პროცესი.

ხუთ-ექვს წელიწადში, იმედია, უკვე იქნება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი. ეს არ არის ის დრო, რომელიც სამუდამოდ იქნება. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს ყოფნას ევროკავშირის გაფართოების იმავე მატარებელში, რომელიც ძალიან სწრაფად მიდის. იყავით და დარჩით მზად. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველა კარი და ფანჯარა იხსნება. სამუდამოდ ღია იქნება ის? მე არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ”, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიროთი – პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება