საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი.
“მრავალი საკითხი – პროცედურულად რის მერე რა უნდა შესრულდეს ისე, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად იყოს განსაზღვრული, საჭირო იყო თათბირი. დღეს სწორედ ამას მიეძღვნა ეპისკოპოსების შეხვედრა. დელეგატებზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლებს, ანუ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდეს. ზოგადად, მათი უფლება არ იზღუდება, თუმცა მღვდელმთავრები ასე თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევნის შემთხვევაში, შესაძლოა, სხდომა ძალიან გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, სამი კანდიდატიდან თუ რომელიმე მიიღებს 50 პროცენტზე მეტ ხმას, ანუ 20 ხმას, მეორე ტური აღარ გაიმართება.
„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ კენჭისყრა ორი უპირატესიდან იქნება და 39 ეპისკოპოსი ამ ორიდან ამოირჩევს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაფართოებულ კრებაზე იქნება თუ არა საჯარო კანდიდატების გამოსვლები და დელეგატების მიმართვები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერი არ იქნება, თუმცა გავრცელდება ჩანაწერი.
გარდა ამისა, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი განისაზღვრება არჩევნების შემდეგ, რადგან თარიღი უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა დაადგინოს.
კითხვას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში კანდიდატებთან დაკავშირებით ბრალდებები ისმის, ჯაღმაიძემ უპასუხა:
„ზოგადად, ვფიქრობ, საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მოყოლილ რაღაც დაპირისპირებებს. სინოდში ასეთი რამ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო არაკორექტული გამოსვლები და ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ, როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, სხვა პროცესიები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი, მათი სულისკვეთება. ასე რომ, მცდელობები, წარმოაჩინონ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება, არარეალურია.















