უკრაინაში რუსეთის მხარეს ათობით ქვეყნიდან 1400-ზე მეტი აფრიკელი იბრძვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„არსებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში ამჟამად 36 ქვეყნიდან, სულ მცირე, 1 436 აფრიკელი იბრძვის. ეს იდენტიფიცირებულები სამხედროების რიცხვია, თუმცა რეალურად, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს. ზოგიერთს ფულს სთავაზობენ, ზოგს კი ატყუებენ და ვერ აცნობიერებენ, რაზე აწერენ ხელს. კონტრაქტზე ხელმოწერა სიკვდილით დასჯაზე ხელმოწერას უტოლდება. რუსეთის არმიაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამწუხარო ბედი ელით. დაქირავებულთა უმეტესობა ერთ თვეზე დიდხანს ვერ ცოცხლობს“, – განაცხადა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა აფრიკის ქვეყნების მთავრობებს, გაავრცელონ საჯარო განცხადებები და გააფრთხილონ მოქალაქეები, რომ არ მოაწერონ ხელი არანაირ დოკუმენტს.
„რუსეთის მხარეს ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში უკანონო, ამორალურია, არღვევს გაერო-ს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა სიბიგამ.
მისივე თქმით, უკრაინა ახლო მომავალში იმ ქვეყნებისა და რეგიონების სიას გამოაქვეყნებს, საიდანაც რუსეთი ჯარისკაცებს ქირაობს.

















