უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა მათ პირობა მისცათ, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართება არ მოხდება.
სიბიგას თქმით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მარტს საფრანგეთში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ PURL პროგრამით უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს.
„სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი – არაფერი არსად არ გადამისამართებულა ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში და იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. ამ მომენტისთვის არ არის გეგმები გადამისამართებაზე,“ – განაცხადა სიბიგამ.
















