ანდრეი ბილეცკი: “რუსეთი ომში სტრატეგიულ ჩიხს უახლოვდება”

უკრაინის შეიარაღებული ძალების აზოვის III კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი აცხადებს, რომ რუსეთი ომში სტრატეგიულ ჩიხს უახლოვდება.

მისივე თქმით, რუსული არმიის შემადგენლობის შევსება მათ დანაკარგებს ვერ ფარავს.

“დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსული არმიის პირადი შემადგენლობის შევსება ვეღარ ფარავს მათ დანაკარგებს. ეს გამოიწვია ე.წ. „ინფილტრაციის ტაქტიკამ“, რომლითაც რუსები ასე ამაყობენ — ის მათ კოლოსალური დანაკარგების ფასად უჯდებათ. მტრის ობიექტური დანაკარგები სულ მცირე 6-ჯერ, ზოგჯერ კი 8-ჯერ აღემატება ჩვენს დანაკარგებს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსის ისეთი დიდი სხვაობა, რომ მათ შეძლონ 6–8-ჯერ მეტი დანაკარგის გაღება და ასეთი კამპანიის დიდხანს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დაახლოებით 226 მილიონი მოსახლე უნდა ჰყავდეს. რუსები აცნობიერებენ, რომ უახლოვდებიან სტრატეგიულ ჩიხს, როდესაც წინ წაწევას ვეღარ შეძლებენ. ამიტომ, ისინი ცდილობენ დონბასის ხელში ჩაგდებას არასამხედრო გზებით: სურთ დაარწმუნონ აშშ, უკრაინა და მთელი მსოფლიო საკუთარ შესაძლებლობაში, რომ კიდევ 2–3 წელი შეძლებენ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას”.

ბილეცკიმ აღნიშნა, რომ ძალთა არსებული ბალანსის პირობებში, უკრაინას შეუძლია გაზარდოს თავისი შესაძლებლობები, გააჩეროს რუსული არმია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მსჯელობა. ამის პირობებია: ცვლილებები საბრძოლო მომზადებაში, ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა და მათი გამოყენება ადამიანების ნაცვლად, სადაც კი ეს შესაძლებელია: უპილოტო საფრენი აპარატები (UAV), უპილოტო სახმელეთო პლატფორმები, დაზვერვისა და დაცვის ტექნიკური საშუალებები.

banner
წინა სტატიაშიდრონებმა ტულის ოლქში კაუჩუკის ქარხანას დაარტყეს და მოსკოვამდე მიაღწიეს
შემდეგი სტატია“ჩვენ გამოვრიცხავთ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას…უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ” – ლილუაშვილის ადვოკატი