ანდერს ფოგ რასმუსენი : მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 10:53

ანდერს ფოგ რასმუსენი : მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა საპასუხოდ კითხვაზე – საქართველო უკვე 11 წელია იღებს ნატო-სგან ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა, როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა საქართველოს კიდევ მაპ-ი (MAP) ნატო-ში გასაწევრიანებლად.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტამდე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი განხილული იქნა.

„ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, ასევე ნატო-უკრაინის კომისია.

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს.

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი, გააგრძელოს რეფორმები, ნატო-ს კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რადგან როდესაც ნატო იქნება მზად, თქვენც უნდა იყოთ მზად ნატო-ში შესასვლელად“, – განაცხადა კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 10:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics