ანდერს ფოგ რასმუსენი – ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს მაგიდასთან ადგილს, დროა, ეს პირობა შევასრულოთ

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, – ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-მ არავითარ შემთხვევაში და არც ერთი პირობით არ უნდა გასცეს რაიმე სახის გარანტია ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„რუსეთს უკვე აქვს მოწერილი ხელი 1999 წლის ეუთო-ს ქარტიაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ „ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსების შეთანხმებები. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია. კონფლიქტებისა, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს.

ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა, მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი დაპირება შესრულდეს. თუ საჭიროა, ეს შესაძლოა გავაკეთოთ იმ პირობით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი ფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელსაც თბილისი და კიევი აკონტროლებენ. თუმცა ერთი ცხადია, ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია“, – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„არავის შეგეპაროთ ეჭვი, რომ ეს იქნება ბრძოლა ჩვენი, ევროპის თავისუფლებისთვის, რათა ისტორიამ გვასწავლოს, რომ აგრესორები მხოლოდ სამეზობლოში არ რჩებიან“, – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ შეიძლება ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს იარაღი აქვს მობჯენილი.

„თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ეს იქნება გზავნილი, რომელსაც გაიგებენ, როგორც ჩვენზე დამოკიდებული დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ“, – წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

წინა სტატიაშიეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურაბ გუჩუა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას