ანდაზა – იმ ტოტს ნუ მოჭრი, რომელზეც ზიხარო – „ქართულ ოცნებაზეა“ ზედგამოჭრილი

ანდაზა – იმ ტოტს ნუ მოჭრი, რომელზეც ზიხარო – „ქართულ ოცნებაზეა“ ზედგამოჭრილი.

რატომ? იმიტომ, რომ „ოცნება“ ევროპას და ზოგადად, დასავლეთს, იმ დასავლეთს, რომლის გრანტებითაც სხვადასხვა პროექტს ანხორციელებს, ხმალამოღებული ებრძვის.
ერთი მხრივ, ეს ბრძოლა გასაკვირი არ არის, რადგან ე.წ. რუსული კანონის მიღებით, ცხადია, მმართველი გუნდი კოჭს კრემლს უგორებს. ყოველ შემთხვევაში, „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ორი ათეული წლის წინ რუსეთში მიღებული კანონის სრული ასლია. ყველა ანალიტიკოსი ადასტურებს, რომ ეს ერთ–ერთი ის კანონია, რომლითაც პუტინმა მოახერხა რუსეთში დიქტატურის დამკვიდრება. „ოცნება“ და მისი დამფუძნებელიც დიქტატურის გზას რომ ადგანან, ეს კარგა ხანია ცნობილი, მაგრამ მთელ ამ რუსულ აბრაკადაბრაში ერთი რამაა საკითხავი – რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, „ოცნება“ საკუთარ თავსაც აგენტად გამოაცხადებს თუ დასავლური ფონდების დახმარებაზე უარს იტყვის?

ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ოცნების“ დღევანდელი სპიკერების უმეტესობა თავის დროზე სწორედ დასავლური ფონდებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულნი. მაგალითად, ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი. რა გამოდის – კობახიძე და პაპუაშვილიც აგენტები არიან და საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ?

დასამალი არავისთვისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტებით საქართველოს ხელისუფლება არაერთ პროექტს ანხორციელებს. USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამისა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით 5 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და USAID-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მთავარი თემა: მუნიციპალიტეტის გამოწვევები, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მონაწილე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა შეხვედრის დროს USAID-ს ბანერის ფონზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში უხვად გამოაქვეყნეს და ეს მაშინ, როცა იგივე პირები რუსული კანონის გულმხურვალე მხარდამჭერებად გვევლინებიან.

მართალია, მმართველი გუნდი, ამ კანონპროექტის შეფუთვას იმით ცდილობს, რომ აქაოდა, გამჭვირვალობა გვადარდებსო, მაგრამ ჯერ ერთი, გრანტები ისედაც ბოლო თეთრამდე გამჭვირვალეა, მეორეც – ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს – ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და დასავლური, გამჭვირვალე დაფინანსება, რანაირადაა პრობლემა? ან, უკვე წინასწარ, კანონპროექტის წარდგენამდეც კი, დასავლეთს რომ აკრიტიკებ, ბრალდებებს უყენებ და ზოგჯერ ლანძღავ კიდევ – ეგ ხომ თავში აჩვენებს რომ მიზნები რუსულია?

დღეს ევროპარლამენტარებმა უკვე მიმართეს ევროპის საბჭოს, მოითხოვეს საქართველოს ხელისუფლების მონიტორინგი და დასკვნა, შესაბამისობაშია თუ არა ევროპულ მისწრაფებებთან მათი ქცევები, თუ სიტყვები, თუ არ არის შესაბამისობაში, მაშინ, კანდიდატის სტატუსიც გადაიხედება. ევროპარლამენტარები წერენ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირებით, იმ 9 პუნქტიდან, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, 2 ჩავარდნილად გამოცხადდება და როგორ ფიქრობთ, რა დასკვნას დადებს ევროპის საბჭო?
ერთი სიტყვით, მმართველმა გუნდა დიდ შარშია – „ოცნების“ წინ წყალია, უკან კი მეწყერი, ანუ თუ „ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, დასავლეთი მასთან კონტაქტს საერთოდ გაწყვეტს და იგივე USAID-ს პროგრამებიც გაჩერდება. რუსული კანონის არმიღების შემთხვევაში კი კრემლის რისხვა „ოცნებას“ მეწყერივით დაატყდება.

მაგრამ, უმთავრესი ისაა, რომ ქვეყანაც დიდ შარშია ოცნების მმართველობის პირობებში, თუმცა, ქვეყანას, განსხვავებით ოცნებისგან, რომლის წინაც წყალია და უკან კი მეწყერი, არჩევანი აქვს – ქვეყანას უკან მეწყერი აქვს, რუსეთის სახით და წინ კი ევროპული მომავალი, ღირსეულ პარტნიორებთან ერთად.

„მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი“ – თქვა ილია ჭავჭავაძემ და ახლაც იგივეს იტყოდა. ჩვენ არ გვაქვს ორი და მეტი გზის არჩევანი, უკან სიკვდილია, ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს და ამ გზას არ დავთმობთ, ვერ დავთმობთ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო – დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ევროკავშირის ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება