,,ანაზღაურებას რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების მიერ 2016 წელს აღებულ პრემია-დანამატების აღების საკითხს ეხმაურება.

წულუკიანი ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს იგივე რაოდენობის სახელფასო ანაზღაურება აქვს, რაც მის წინამორბედებს, მათ შორის მურთაზ ზოდელავას ჰქონდა. მინისტრის თქმით, ირაკლი შოთაძე ამ ანაზღაურებას იმსახურებს.

„ფაქტი არის შემდეგი, რომ ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების თვიური ანაზღაურება არის ზედმიწევნით იგივე, რაც იყო ბატონი ზოდელავასი. ეს შრომის ანაზღაურება შოთაძის შემთხვევაში არ გაზრდილა და მე ვსვამ კითხვას, იმსახურებს თუ არა ბატონი შოთაძე ჰქონდეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შრომის იგივე ანაზღაურება, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, რომლის დროსაც პროკურორი იყო იარაღი ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებისა, ჩაგვრისა და მოსამართლეებზე ზეწოლისა.

“ჩემი პასუხია ამავე კითხვაზე, რომ იგივე ანაზღაურებას რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების მიერ დიდი რაოდენობით პრემიების აღების ფაქტს დევნილთა მინისტრიც ეხმაურება. სოზარ სუბარი ამბობს, რომ პროკურატურის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავალი.

“პროკურატურა არის ის ორგანო, სადაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და ძალიან კვალიფიციური საქმიანობა აქვთ გასაწევი და შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ რომ ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავლი, ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონით ეს არ არის მოწესრიგებული სახელფასო ნუსხა როგორი იყოს, მაგრამ 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომლითაც დარეგულირდება ეს საკითხი. ხელფასს დაერქმევა ხელფასი და დანამატი იქნება თუ პრემია, იმას დაერქმევა შესაბამისი სახელი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 – ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა – მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს.

დეკლარირებული მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში ირაკლი შოთაძის ანაზღაურებამ ხელფასთან ერთად 117 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დამანატია

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი:უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ამ უწყებებს ერთმანეთში გაურკვეველი ბღლარძუნი აქვთ,” – ბექა ბასილაია უკრაინულ და ქართულ ძალოვან უწყებებზე საუბრობს