ანატოლი ბიბილოვის შტაბი ავრცელებს, რომ არჩევნები ბიბილოვმა მოიგო

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის შტაბი ავრცელებს, რომ მან არჩევნები მოიგო. შტაბი კანდიდატს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პრეზიდენტის პოსტზე. შტაბის განცხადებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგების აღიარებას და პრეზიდენტის სავარძლის დათმობას არ აპირებს. “ლეონიდ თიბილოვს გონიერებისკენ მოვუხმობთ. ის დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს ხალხის ნებას” – ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დღეს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უსწრებდა თავის ოპონენტებს. გამოკითხვის შედეგად, თიბილოვს ხმა ამომრჩეველთა 45,8%-მა მისცა, ბიბილოვს კი – 36,9%-მა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა გამართულიყო.
არჩევნებზე ამომრჩეველთა 81% გამოცხადდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიReuters: “ისლამური სახელმწიფო” ეგვიპტის ტერაქტების შემდეგ ახალ ტერაქტებს აანონსებს
შემდეგი სტატიათიბილოვი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს