ანატოლი ბიბილოვი: ღამით მიდიან სასაზღვრო ბოძთან და ცდილობენ მის წაქცევას ან წარწერის ჩამოგდებას

ანატოლი ბიბილოვის მტკიცებით, იგი მზადაა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სასაუბროდ, თუ ოფიცილური თბილისი ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმთან ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, საქართველოს პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით ვესაუბროთ. უპირველესად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, შუამავალი რუსეთი იყოს. ამავე დროს, ჩვენი მხრიდან არსებობს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს: ისევ და ისევ ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმის გაფორმება. ოსი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ამ მემორანდუმის სახით და რომ იგი ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, რომც შევხვდეთ, სალაპარაკო არაფერი გვექნება“, – განაცხადა ბიბილოვმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „საზღვარზე ქართული მხრიდან არ წყდება პროვოკაციები, რომლებიც ოს მესაზღვრეებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნით“:

„ახლა ზამთარია, წელიწადის ამ დროს საზღვართან განსაკუთრებით ვერ იხტუნავებ, კარავში ვერ დაჯდები, თუმცა ის პროვოკაციები, რომლებიც მაინც ხდება, „უმნიშვნელო წაკბენის“ ხასიათს ატარებს. ღამით მიდიან სასაზღვრო ბოძთან და ცდილობენ მის წაქცევას ან წარწერის ჩამოგდებას. ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ყველა ეს პროვოკაცია დასავლურ მედიაში 180 გრადუსით იცვლება და სულ სხვა სახით წარმოჩინდება. თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ფიქსირდება“.

banner
წინა სტატიაში„ძალიან განვიცდი“ – თეა წულუკიანი ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლაზე
შემდეგი სტატია„უხერხულია ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე საუბარი“ – სოფო კილაძე