ანატოლი ბერძენიშვილი ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და ქალაქ ხოფიდან მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო

ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო ქალაქ ხოფიდან, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ახმეტ ჩატაევს პირადად შეხვდა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე ნივთიერი მტკიცებულებების სახით.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდება ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, თბილისში დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი – მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს, ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი შოთა შალელაშვილს მიმართავს