ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი ელისაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე კომენტარს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე არ გააკეთებს.

როგორც მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, შესაძლოა ზაუტაშვილს ქალთა სასჯელარსრულების დაწესებულებაში დღეს შეხვდეს.
“სანამ ანასტასია ზაუტაშვილს არ შევხვდები, გამორიცხულია რაიმე კომენტარი გავაკეთო”, – აღნიშნა ნიკოლაძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს კვალიფიციური ადვოკატის კანდიდატურას სთავაზობს, ასევე მისი წამების საქმის გამოძიების დაჩქარებას ჰპირდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ალეკო ელისაშვილმა გუშინ განუცხადა.

მისივე თქმით, 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში ანასტასია ზაუტაშვილი მოინახულა. ელისაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა.

ელისაშვილის თქმით, ანასტასია ზაუტაშვილი მისი წამების ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას და ასევე ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვდა.
შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ანასტასია ზაუტაშვილმა მასთან საუბრისას ისევ არ დაადასტურა კობახიძისა და ბესელიასთვის ფულის მიცემის ფაქტი. აღნიშნულის გარდა, ზაუტაშვილი ელისაშვილს მისი საქმის რეალურ გარემოებებზე ესაუბრა.
“ოთხი საათი ვსაუბრობდით. ვუთხარი, რომ პირადად მე მასთან პრეტენზიები არ მქონდა. ვუთხარი, რომ ამ კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან მქონდა პრეტენზიები და არა პირადად მასთან. ზაუტაშვილის ადვოკატი იყო მანანა კობახიძე და მისი ძმაც, ბოლოს მირიან ნიკოლაძე და სხვები. ეს ხალხი ცდილობდნენ, რომ თავის სასარგებლოდ ან პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ ანასტასია ზაუტაშვილი და სხვებიც მას უყურებდნენ, როგორც სერიოზული თანხის გადამხდელს”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ზაუტაშვილის ახალ ადვოკატს მალე დაასახელებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთ ადვოკატთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ანასტასია ზაუტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზეა დაკავებული, ეს კი ის საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, მას ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით კონკრეტული თანამდებობის პირები მუქარის შემცველ სმს-ებს უგზავნიდნენ. ელისაშვილის აღნიშნული განცხადების საფუძველზე გასული წლის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/363770-anastasia-zautashvilis-advokati-elisashvilis-ganckhadebebze-komentars-misi-dacvis-qvesh-myofthan-shekhvedramde-ar-akethebs.html

banner
წინა სტატიაშიიმდენად გაიხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ფატალური შეცდომა დაუშვა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიამ ხელისუფლებას და მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ შეიკრიბებიან საარჩევნო უბნებთან