ანაკლიის პორტზე მუშაობა არ შეგვიჩერებია, პროექტი მიმდინარეობს, თუმცა გამიჭირდება პასუხი, რა მოხდება მომავალში – „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი

არატრანსფარენტული გარემო და კონკრეტულ პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, აფერხებს არა მხოლოდ პროექტს, არამედ ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება, – ამის შესახებ „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რადგან ეს როგორც ადგილობრივ ინვესტორებში, ასევე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებაში ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

„ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი არის ოპერატორი კომპანიის საკითხი. ამ მხრივ, რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, მათ შორის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან. ახლახან, იაპონური კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს პროექტი და უახლოეს მომავალში ალბათ, ჩვენი მოლაპარაკებების დეტალებსაც გაგაცნობთ. ასევე, ასობით საერთაშორისო კომპანიას ველაპარაკებით, ესენია ლოგისტიკური და წარმოების კომპანიები და მათ ვთავაზობთ ანაკლიას, რათა რეგიონში შემოსასვლელად პლატფორმა გახდეს“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სპეციალური ეკონომიკური ზონა დიდი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებული გახდნენ.

„საერთაშორისო კომპანიებისთვის ეს იქნება პლატფორმა რეგიონში შემოსასვლელად. რეგიონში ჩვენ ვგულისხმობთ, როგორც კავკასიის ქვეყნებს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს. გვაქვს წინასწარი ხელშეკრულებები ძალიან ბევრ ლოგისტიკურ კომპანიასთან, რაც ნიშნავს, რომ ამ კომპანიების შემოსვლით, ჩვენს ქვეყანაში შემოვა დამატებითი ტვირთი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ არ გვინდა, რომ მარტო ტვირთი გავატაროთ, ჩვენი მთავარი მიზანია, აქ მოხდეს ტვირთის გადამუშავება, დასაწყობება, შეფუთვა, აწყობა, წარმოება“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კონსორციუმს არც ერთი დღე არ შეუჩერებია პორტის პროექტზე მუშაობა.

„ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია მუშაობა როგორც პორტზე, ასევე ეკონომიკურ ზონაზე. შესაბამისად, პროექტი მიმდინარეობს, თუმცა მომავალში რა მოხდება, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება“, – განუცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მონაწილეებს „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ექსპერტების თხოვნით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. კომენტარები მედიასთან შეხვდრის დაწყებამდე გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს