ანაკლიის კონსორციუმის მიერ დაფინანსების მოპოვებაზე პრობლემები მანამდეც იყო, ვიდრე მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვები გაჩნდებოდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მხოლოდ მამუკა ხაზარაძე არ არის, კონსორციუმში ოთხი ინვესტორია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსორციუმის მიერ დაფინანსების მოძიებაზე პრობლემები მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვების გაჩენამდეც იყო.

„ანაკლიის განვითარების კონსროციუმი არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. როდესაც ვსაუბრობთ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობაზე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვყავს ოთხი ინვესტორი, მათ შორის „კონტი ჯგუფი“ იმავე ოდენობის წილით, რასაც ფლობს „თიბისი ჰოლდინგი“. გვყავს კიდევ ორი ინვესტორი. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, თუ ამ საკითხს ნამდვილად კონსტრუქციულად მივუდგებით, აღნიშნული პროექტის შესრულება, ბუნებრივია, შესაძლებელია. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ დაფინანსების მოპოვება კონსორციუმის მიერ ვერ მოხერხდა მანამდე, სანამ მამუკა ხაზარაძის მიმართ რამე სახის კითხვები გაჩნდებოდა და გაჟღერდებოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საუბარი მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ დამატებით ასაღებ რვა პირობაზე.

„ბევრ ეთერში მოვისმინე, თითქოს, ძალიან ლოგიკურია, როდესაც ბანკები სახელმწიფოს თხოვენ გარანტიებს, მაგრამ ნორმალურია, თუ არა როდესაც სახელმწიფო შედის გარკვეულ პროექტში და თავიდანვე აცხადებს, რომ აქვს განზრახვა კომერციული ოპერატორის, ინვესტორის მეშვეობით უნდა სრული დაფინანსების მოზიდვა და პორტის ოპერირების განხორციელება და ამ ინვესტორის მიერ სწორი კომერციული პოლიტიკის წარმართვით ტვირთების მოზიდვა პორტის წარმატებულად მუშაობისთვის. დღეს კი, ორი წლის განმავლობაში ორჯერ გადავადების შემდეგ, ვისმენთ არგუმენტებს, თურმე, სახელმწიფომ სრული ოდენობით უნდა დაფაროს და უზრუნველყოს ყველა იმ ტვირთბრუნვის, კომერციული რისკების დაზღვევა, რომელიც კომერციული ოპერატორის ტვირთი უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალ კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაგახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას – ხატია დეკანოიძე TBC-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე საუბრობს