„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი – რთულია, გამიჯნო ანაკლიის პროექტი, „თიბისი“ და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე ჩვენს სხვა ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, კითხვაზე, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა იქონია თუ არა გავლენა პროექტზე.

ამასთან, მისი თქმით, პროცესი არ შეჩერებულა და მთავრობისგან შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ გვიწევს ახსნა-განმარტებები, თუ რასთან არის ეს დაკავშირებული, რამდენად უქმნის საფრთხეს პროექტს და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა, თამამად განვაცხადო, რომ პროცესი არ გაჩერებულა. ვფიქრობ, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ რვა პუნქტზე მოხდება მოლაპარაკება, მაშინ ვთვლი, რომ ეს იქნება მეორეხარისხოვანი და პროექტი მაინც შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. მინდა, იმასაც გავუსვა ხაზი, რომ სამუშაო პროცესთან მიმართებაში მთავრობისგან შეფერხება არ ყოფილა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ძალიან რთულია, ერთმანეთისგან გამიჯნო ანაკლიის პროექტი, „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

„შეშფოთებას გამოთქვამენ და ეს, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის. არ არსებობს ამაზე სხვანაირი პასუხი მქონდეს. მთავრობაც ამბობს, რომ ანაკლია ცალკეა, ბანკი ცალკე და ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ცალკე არიან, მაგრამ ეს ასე არ არის, რთულია გამიჯნო. ეს ადამიანები ამ უზარმაზარი პროექტის მთავარი სპონსორები არიან“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის თქმით, ყველა ექსპერტის პროგნოზი აჩვენებს, რომ კომერციულად და ტვირთბრუნვის მოზიდვის კუთხით, ანაკლიის პორტის პროექტი აბსოლუტურად გამართლებული და მყარია.

„ტვირთბრუნვის მიმართულებით სახელმწიფოს გარანტორად დადგომა, ეს იყო ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნა და არა ჩვენი, როგორც კონსორციუმის. რაც შეეხება მიზეზებს, რატომ მოითხოვეს, ვფიქრობ, რომ ამ პორტის ცალკეულად, როგორც ინფრასტრუქტურის წარმატება, მხოლოდ პორტის კარგად მართვაზე არ არის დამოკიდებული. არის გაცილებით მეტი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია: იგივე გზის თემა, რკინიგზის თემა, რეგიონული ურთიერთობები და ა.შ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უზრუნველყოფა წარმოდგენილი იყოს მათ მიერ ჩადებულ თანხასთან მიმართებაში. ეს ფაქტორები უშუალოდ დამოკიდებულია მთავრობაზე, ამას ჩვენ არ ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, გარანტია ეხება მხოლოდ სესხის ნაწილს და არა დანარჩენ ინვესტიციას.

„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე მთავრობასთან. საუბარია, უშუალოდ სესხი იყოს უზრუნველყოფილი, 400 მილიონი აშშ დოლარი. ამ გარანტიის პირობები ჯერ გარკვეული არ არის, მოლაპარაკების პროცესშია. გარანტია არ ემსახურება ტვირთების მოზიდვას. ამ მხრივ, პორტს არანაირი პრობლემა არ ექნება. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც სახელმწიფო აძლევს ასეთ დაზღვევას მსგავსი ტიპის პროექტებს. ეს უფრო დაზღვევის მექანიზმია, ვიდრე გარანტია“, – აღნიშნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურის დირექტორმა.

როგორც მან განაცხადა, გარანტია რვა პუნქტიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნის ერთ-ერთი მიმართულებაა.

„მოთხოვნის ოფიციალური წერილი სახელმწიფოს ჩაბარდა დეკემბრის შუა რიცხვებში. მაშინ სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ განგვეხილა და გვესაუბრა. ახლაც სამუშაო რეჟიმში ვართ. უარი არ უთქვამს მთავრობას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ამ პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მხარს გვიჭერდა ყოველთვის. ახლა არის საუბარი და ყველა დარწმუნებით ამბობს, რომ ანაკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ასე არ იყო. ძალიან ბევრი დაბრკოლება გამოვიარეთ. არ იყო იოლი პროცესი. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი გვყავდა მთავრობის შიგნითაც და გარეთაც ამ პროცესის დროს. ასე რომ, ახლა პროცესი მიმდინარეობს, მოთხოვნები დაყენებულია. ეს ნაბიჯი დაგვრჩა, რომ დავასრულოთ ფინანსირების საკითხი. დანარჩენი, მობილიზებულია სრული თანხა. აღნიშნული 8 პუნქტი არის დარჩენილი, მათ შორის გარანტიის საკითხი“, – განაცხადა ახვლედიანმა,

ის მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსტრუქციულები იქნებიან თავიანთ მოთხოვნებში და მთავრობაც კონსტრუქციული იქნება.

„აღნიშნულ 8 პუნქტში სხვადასხვა საკითხი შედის, რკინიგზას და გზასაც ეხება, ფაზებსაც ეხება და ა.შ. ბევრი საკითხია, რომელიც ბანკებმა დააყენეს და სურთ, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მთავრობისგან“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა სადაზვერვო სამსახურს სამოქალაქო პირების სიკვდილის შესახებ მონაცემების დამალვის უფლება მისცა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ ქალ მსჯავრდებულებს რვა მარტი მიულოცა