ანაკლიიდან გადმოყვანილ ახალგაზრდას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გადაყვანილ ერთ ახალგაზრდას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ორი ახალგაზრდა შეიყვანა. როგორც ორჟონიამ აღნიშნა, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

რაც შეეხება მესამე ახალგაზრდას, ის კლინიკაში 112-ის ჯგუფმა შეიყვანა და სამედიცინო დაწესებულება მანაც მალევე დატოვა.

ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი-გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს