ანაკლიაში ფესტივალი Echowaves 23 აგვისტოს გაიხსნება

ფესტივალის Echowaves დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. როგორც „თაიმერს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, 14 აგვისტოს, შუადღის 4 საათიდან ფესტივალის ბილეთების ფასი გაიზარდა. მათი ინფორმაციით, მულტიფასი 170 ლარი გახდა, დღიური ბილეთების ფასი კი – 75 ლარი.

ფესტივალი Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე ანაკლიაში გაიხსნება. პირველი შემსრულებელი მთავარ სცენაზე Juan Atkins და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი იქნება. ასევე, ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი Function-ია, რომელიც მსმენელის წინაშე 24 აგვისტოს წარსდგება.

„ფესტივალის Echowaves ერთ-ერთი ჰედლაინერი, Function-ია. Function, იგივე დეივ სამნერი ნიუ-იორკელი დიჯეი და პროდუსერია, რომელიც დღეისთვის ანდერგრაუნდ ტექნოს სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ლამის საკულტო ფიგურად ითვლება. წლების მანძილზე, თანამოაზრეებთან Regis და Silent Servant-თან ერთად ის ტექნოს ისტორიაში გამორჩეულ არტისტულ კოლექტივს, Sandwell District-ს წარმოადგენდა. Function დღემდე ყველა ცნობილი ანდერგრაუნდ ფესტივალის თუ კლუბის სტუმარია,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

10 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალის მედიატურიც გაიმართა. ორგანიზატორებმა ტურიზმის დეპრტამენტის წრმომდგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

ამ ეტაპზე ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების და კვების ობიექტების კონსტრუქციების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც კვირის ბოლომდე დასრულდება.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, დღეისათვის სრულად აწყობილია Eye Stage-ის კონსტრუქცია. ამჟამად კი მუშაობა განათებისა და დეკორაციის აწყობაზე მიმდინარეობს. Taiyo Stage -ის მშენებლობა უკვე დასრულებულია და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. Main Stage-ის კონსტრუქციის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება.

რაც შეეხება Khidi stage-ს, მშენებლობა დაწყებულია და კონსტრუქცია კვირის ბოლომდე მზად იქნება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათ გახმოვანების სისტემა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისგან შეიძინეს. აპარატურას საქართველოში რამდენიმე დღეში ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე მისი სცენებზე დამონტაჟება დაიწყება.

„ეს მართლაც განსკუთრებული პროექტია. საერთაშორისო ბრენდთან, EXIT-თან ერთად პირველად კეთდება ეს ფესტივალი საქართველოში. იმედი მაქვს, ის სამომავლოდაც გაგრძელდება და აქ კიდევ ბევრ სტუმარს ჩამოიყვანს. ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფესტივალი შევთავაზოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს,“ -განაცხადა ფესტივალის სლოვენიელმა ორგანიზატორმა, Anaklia Entertainment Group -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრანე კოსტადინოვმა.
ფესტივალის პროგრამის მენეჯერი, საშა ჯურჯევიჩი Echowaves-ის, საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს და მას ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ სივრცედ მოიაზრებს.

„ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქართული ელექტრონული სცენისთვის. ეს იქნება ერთგვარი ხიდი საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, რადგან ხელს შეუწყობს არტისტების გაცვლას და მათი გამოცდილების გაზიარებას. ანაკლიაში მსმენელს არაერთი ექსკლუზიური შოუ ელოდება. მაგალითად საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ბენ ქლოქისა და მარსელ დეტმანის B2B სეტს, რაც საკმაოდ იშვიათია,”- განაცხადა საშა ჯურჯევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიკოალიციაში “ძალა ერთობაშია” განხეთქილებაა
შემდეგი სტატია„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანში საჩვენებელი სწავლებით დასრულდება