ანახეთ ცხადად, რომ უმთავრესი ღირებულება ქართული სახელმწიფოა და არა მოდერნიზებული საბჭოთა სისტემა, რომელსაც დემოკრატიად ასაღებთ

პატივცემულო პოლიტიკოსებო, ლიდერებო, შეფებო, ხელმწიფეებო, ხელმწიფეობის მსურველებო ანუ პატივცემულო პოლიტელიტავ- ნუ ბრაზობთ ხალხზე, ნუ აგინებთ ხალხს თქვენი წარუმატებლობის ჟამს – გაბრაზდით საკუთარ თავზე, საკუთარ ვეზირებზე, თანაგუნდელებზე, მოხელეებზე. ხალხზე ნუ ბრაზობთ და ნურც ჭკუას არიგებთ. განა იმიტომ, რომ ცუდები ხართ, ან თქვენს მიერ “წარმოჩენილი” უკეთესი გზის დანახვა და ამ გზით სიარული არ სურს ვინმეს, უბრალოდ იმიტომ – ხალხმაც ისევე იცის თქვენი მანკიერებების შესახებ, როგორც თქვენ მათი. ამიტომ
უჭირთ დაჯერება. უთხარით ვინც ხართ და რაც გსურთ – გულწრფელად. მერე გულწრფელ პასუხებსაც მოისმენთ და გასაბრაზებელიც არაფერი იქნება. ნუ ბრაზობთ ხალხზე – ისინი ხედავენ, რომ საქმე მხოლოდ თქვენთვის კეთდება, იმედი მხოლოდ თქვენთვის ცოცხლობს, ოცნება მხოლოდ თქვენთვის ხდება და ყველა დაპირება, რომელსაც მათ აძლევთ პირველ რიგში თქვენთვის სრულდება. ნუ ბრაზობთ ხალხზე – თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი ბრძენიც და ბრბოც არის ერთდროულად, რომელსაც შეუძლია ხელში აგიტაცოთ და გაგანადგუროთ კიდეც. ნუ ბრაზობთ ხალხზე – უბრალოდ აჩვენეთ, რომ მათთვის ზრუნვა შეგიძლიათ და ცხოვრების უფლებას აძლევთ. დაანახეთ, რომ თავისუფლების უმთავრესი კომპონენტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, რომ ვეფხი და მოყმე მხოლოდ “სადღეგრძელოს”
პათეთიკა კი არა, ფილოსოფიაა და რომ შოთა, ვაჟა და ილია ერისშვილები და დიდი ქართველები კი არ არიან მხოლოდ, არამედ ქართული რაობის განმსაზღვრელნი. ანახეთ ცხადად, რომ უმთავრესი ღირებულება ქართული სახელმწიფოა და არა მოდერნიზებული საბჭოთა სისტემა, რომელსაც დემოკრატიად ასაღებთ.
სულ ეს არის მთავარი ამოცანა რაც გევალებათ, იმისათვის, რომ თქვენ ხალხზე და ხალხი თქვენზე არ გაბრაზდეს-აცხადებს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიBBC რჩევებს აძლევს მათ, ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და დიაგნოზის დადასტურებამდე სახლში რჩება
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, არ მოგეკარებათ კორონავირუსი