„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება. მელიამ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ეგოისტურ ინტერესებსა და ეჭვიანობაში“ დაადანაშაულა, რასაც წითლიძემ მელიას პოლიტიკური „დაცემა“ უწოდა.
ენმ-ს წევრის თქმით, ოპოზიციონერების ნაწილისთვის სააკაშვილის კრიტიკა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიების მცდელობაა.
„მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას“, — წერს ანა წითლიძე.
ანა წითლიძე თავის პოსტში კოალიცია „ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას მიმართავს და ინტერესდება, ეთანხმება თუ არა იგი საკუთარი თანაგუნდელის პოზიციას ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით.
„მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით? მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება შეიძლებოდა. მაგრამ როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა მხარდაჭერა, მოულოდნელად მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა — და ამასაც თავისი სახელი ჰქვია“, — აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ წლების განმავლობაში არსებული ეჭვიანობა „მარყუჟივით ახრჩობს“ და იქ, სადაც მესამე პრეზიდენტია, ქვეყნის ინტერესები არ არსებობს.

















