ანა წითლიძე – გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას

ეს ცალსახად არასწორია და ცალსახად ტოვებს სპეკულაციის ძალიან ბევრ ნიშანს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებში, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას პარტია ამ დრომდე თავს იკავებს შესაბამისი მიმართვისგან და ისინი კვლავ რჩებიან მოქმედ დეპუტატებად, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.

„აბსოლუტურად აბსურდული განცხადება გააკეთეს დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ეს მანდატები იმისთვის სჭირდებათ, აქციაზე რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომ ვიღაცამ არ დააკავოს და ეს ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა.

„მას უნდა, იყოს ნამდვილი ოპოზიცია, როგორიც არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ უნდა, იყოს რაღაც „ქართული ოცნების“ დანამატი, რომელიც რაღაც გაურკვეველ პოზაშია, თითქოს ოპოზიციაა, მაგრამ არც ოპოზიციაა, თითქოს „ნაცობას“ და „ქოცობას“ ერთ სიბრტყეში აყენებს, გაუგებარ ქარდებს ავრცელებს და ა.შ. არ არის ახლა ის დრო. ახლა, ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის არ აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას და არავის არ აპატიებს რაღაც ორმაგ თამაშს, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისთვის გახარია პოლიტიკურ ავტორიტეტს არასდროს არ წარმოადგენდა, რადგან გახარია მათთვის არის ადამიანი, რომელიც არის 20 ივნისის შემოქმედი.

„გახარია ასევე არის ადამიანი, რომელიც გაურკვევლად მოხვდა პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრის პოსტზე პირდაპირ მოსკოვიდან, რადგან მისი საქმიანობა პირდაპირ მოსკოვში იყო დაკავშირებული, ის მოსკოვში მოღვაწეობდა. ეს ცნობილია და პარტიიდან მისი წამოსვლაც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდა პარტიული დაპირისპირება, თორემ რაღაც ღირებულებითი თანხვედრა არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, პირველია, როდესაც მე ამას თქვენ ეთერში ასე ვსაუბრობ“, – განაცხადა წითლიძემ.

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, ამ პროცესში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანობის ხათრით მოითმინა ძალიან ბევრი ცილისწამება, ძალიან ბევრი ხელის გაშვერა და ძალიან ბევრი შედარებები მოღალატეობრივ პოლიტიკურ ძალასთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ამ ყველაფერზე გაჩუმდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთინი ფრონტი.

მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტის შესახებ დღევანდელ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება, რადგან ის და მისი თანამებრძოლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვეს, რომ გაყალბებულ არჩევნებში და არალეგიტიმურ პარლამენტში არ დასხდებოდნენ.

ამასთან, წითლიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტრამპზე ჩამოკიდება ამ შემთხვევაში ვერ უშველის.

„იმიტომ, რომ აშშ-ს როგორი პრეზიდენტი და ვინც არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტად, აშშ რაზე დგას? დგას მთავარი დემოკრატიული პრინციპების და თავისუფლების დაცვაზე, როგორც ყველაზე თავისუფალი და ყველაზე დემოკრატი ქვეყანა ამ ყველაფერში, თავის მისიაში ხედავს დემოკრატიის გავრცელებას, ადამიანის უფლებების დაცვას და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში, ამ დროს კი აქ ბიძინა ივანიშვილი არსებობს საქართველოში, რომელიც ცდილობს, ეს ქვეყანა დიქტატურაში გადაიყვანოს, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი არ უნდა და, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა მტერია, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვა არ უნდა არსებობდეს, აპატიმრებსს ჟურნალისტებს, სცემს თავისუფალ მოქალაქეებს და ჰყავს ხარება. შესაბამისად, საერტაშორისო ზეწოლა და სანქციები, ეს იყო მთავარი თემა, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ზეწოლა და უნდა შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს“, – განაცხადა წითლიძემ.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ბიძინაშვილი: ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება 9 აპრილის გმირების მიმართ, აფხაზეთში დაღუპული გმირების მიმართ, შინდისის გმირების მიმართ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მიმართ
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების დიქტატურაზეც ვსაუბრობთ, რომელიც უნდა დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია ჰქონდეს, ასევე საელჩოების დიქტატურაც რაღაცნაირად უნდა განეიტრალდეს” – თეა წულუკიანი