„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება.
წითლიძის შეფასებით, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და იგი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს.
„რუსებმა რამდენიმე წლის წინ გია ბარამიძეს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა რუსეთში და ახლა იგივე გაიმეორეს. ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და უკრაინაშიც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას.
საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გვესმის ძალიან კარგად, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს და იგი შეასრულებს იმ დავალებას, რა დავალებასაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი“, — განაცხადა ანა წითლიძემ.








