ანა წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს. მან ჟურნალისტებს ის ფაქტორები დაუსახელა, რომელთა გათვალისწინებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
მან პარტიაში სისტემური რეფორმის განხორციელებისთვის ორი კომპონენტი გამოყო:
-
პარტიის წევრების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
-
პარტიის ფინანსური დამოუკიდებლობა.
„მე ყველა ადამიანს მივესალმები — ცხადია, ნანუკასაც და თითოეულ პირს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება და იტყვის, რომ ჩვენ გვერდით იქნება ამ ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, რომელშიც 14 წლის განვალობაში იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ვინც არ უნდა იყოს ეს, მათ შორის, ცხადია, ნანუკა ჟორჟოლიანიც.
რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას — ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხული არაფერია. დავაყენებ თუ არა ჩემს კანდიდატურას, დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: მე ამ პროცესს არ ვუყურებ ისე, თითქოს პარტიას მხოლოდ სახელებისა და გვარების შეცვლა სჭირდება. პარტიას სჭირდება იმ იდეასთან შესაბამისობა, რისკენაც მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა — „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს უფრო სახალხო. ამას სჭირდება სისტემური რეფორმა, რომელიც ორი მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს:
პირველი — ეს არის პარტიის წევრების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ეს მექანიზმი გვაქვს, პოლიტიკური საბჭო არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც ჩვენი პარტიის წევრები ირჩევენ, თუმცა საჭიროა დამატებითი მექანიზმებიც, რათა ათასობით წევრი უშუალოდ იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში.
მეორე — ეს არის პარტიის ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც მთლიანად ჩვენი პარტიის წევრების დონაციებზე იქნება დამოკიდებული“, — განაცხადა ანა წითლიძემ.















