26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ანა წითლიძე: ახობაძის დაკავება მართლმსაჯულება არ არის, ეს ლილუაშვილზე დამატებითი წნეხია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებას რეალურ მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს და ის პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ შეფზე, გრიგოლ ლილუაშვილზე მიმდინარე პოლიტიკურ წნეხს. წითლიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო ლევან ახობაძის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

 ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის შიგნით არსებულ სერიოზულ დაპირისპირებაზე მიანიშნებს.

„ახობაძის დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან. ახობაძე რომ იპარავდა, ეს იცოდა ივანიშვილმა თავიდანვე. ახობაძის დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული ლილუაშვილთან. ლილუაშვილი არ თანხმდება და არ აღიარებს ბრალს. მასზე არის ახლა დამატებითი წნეხი და ახობაძეც ამიტომ დააკავეს“, — განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, კერძოდ – 250 000 ლარის.

საუბარია 2024 წლის აპრილში მომხდარ ფაქტზე, როცა ლევან ახობაძემ კერძო პირს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს, თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა და 250 ათასი ლარი მიიღო ქრთამის სახით. სუსის თანახმად, თანხა მას კაბინეტში გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიკილიჩი: იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნა ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
შემდეგი სტატიანანუკა ხაზარაძე: დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია “იმედის”, ასევე ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა