ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დალუქული მტკიცებულებები წარმოადგინა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე დალუქული მტკიცებულებები წარმოადგინა. მათ შორის ქვის ლოდი, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას თავის არეში დაზიანება მიაყენეს.

ნივთიერ მტკიცებულებებს შორის იყო ბრალდებულის ტანსაცმელიც, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა. ასევე, დაიკითხა სატელეფონო კომპანია „მაგთიკომის“ იურისტი. მან დაადასტურა, რომ ბრალდებულის ტელეფონიდან მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილის ტელეფონზე ზარი განხორციელდა. ასევე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა. იურისტის გარდა დაიკითხება ასევე ორი გამომძიებელი.

დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, მაია ქავთარაძის თქმით, ბრალდებულის ადვოკატი დარწმუნდა, რომ ყველა მტკიცებულება კანონის დადგენილი წესებით არის დალუქული.

„მოლოდინი გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის, რათა მაქსიმალური სასჯელი იყოს. ასე სურთ დაზარალებულებს. არსებობს უამრავი უტყუარი მტკიცებულება, რაც ეჭვის გარემოებებს არ იძლევა“,-განაცხადა მაია ქავთარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და ჟურნალისტებს მედია ტურზე იწვევს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელმა ქალმა ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა