ანა ნაცვლიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, თუ აღნიშნული კანონი დაკანონდება, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეუძლია ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯოს ისე, რომ ეს ხარჯვა არ დაუქვემდებაროს არანაირ წესს თუ პროცედურას, ვინაიდან დღევანდელი რედაქციით, შესყიდვების დიდი ნაწილი გამოდის მოქმედი რეგულაციებიდან და არანაირი ახალი რეგულაციების დაწესება გათვალისწინებული არ არის.

“ეს ამ კანონის პრობლემური ნაწილია და მედიაპლურალიზმის და ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანამ უკან რომ არ დაიხიოს, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ახალ ეტაპზე ამ კანონს ამ ფორმით მხარი არ დაუჭიროს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი უპრეცედენტო კონსენსუსს უწოდებს მედიის დღევანდელ განცხადებას და აცხადებს, რომ ეს კანონი დააზიანებს როგორც მედიამრავალფეროვნებას საქართველოში, ისე თვითონ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამოუკიდებლობას.

,,ამით დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, მათი წვდომა მრავალფეროვან და თავისუფალ ინფორმაციასთან და ამით დაკნინდება დემოკრატიის ხარისხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს სიღრმისეულად ამ კანონის განხილვას, ყველა რისკი სათანადოდ შეაფასოს, რომ არ მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც არსებითად შეუქმნის საფრთხეს მედიაგარემოს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, კერძო მაუწყებლებს და მოქალაქეთა ინტერესებს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს”
შემდეგი სტატიაადა მარშანია – NDI ისეთ კვლევას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ში გარკვეულ წრეებს აწყობთ