ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სურათი მარტივი დასანახია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებებით ამ სურათის გადღაბნას ცდილობს“.

„მთავარი კითხვა საქართველოს მოქალაქისთვის დღეს შემდეგია, ამ დღეებში, როდესაც სულ რამდენიმე საათი გვაშორებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუ მოქმედებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. საინფორმაციო ველის გადღაბვნის მცდელობა სწორედ იმას ემსახურება, რომ ეს კითხვა როგორმე დღის წესრიგიდან გადაჩოჩდეს. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას ემსახურება განცხადებები, რომელიც გაკეთდა მთავრობის სხდომაზე და ამას ემსახურება კობახიხის განცხადებებიც და ნაბიჯებიც, რომელიც იდგმება, ევროპას როგორმე გააგონონ თავის ხმა, რომ საქართველო ვითომ არის სხვა პლანეტაზე, ევროპა სხვა პლანეტაზეა და ევროპამ კარი საქართველოსთვის დახუროს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე წასვლას გეგმავს როგორც რიგითი მოქალაქე.

„მე 20 ივნისის აქციაზე მივდივარ როგორც რიგითი მოქალაქე. მიმაჩნია, რომ საკითხი, რის ირგვლივაც ეს შეკრება ორგანიზდება, ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალია. ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გვაერთიანებს, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა განსხვავებების. ამ აქციაზე უნდა წავიდეთ ბევრნი. ძალიან სწორი და აუცილებელი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“, ხმას რომ აძლევენ, ის ადამიანებიც მოვიდნენ, რადგან ჩვენი მოქალაქეების 84%, ვინც მხარს ევროინტეგრაციას უჭერს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოიცავს. „ქართულმა ოცნებამაც“, ამ შემთხვევაში, მათი ამომრჩევლის ხმა უნდა გაიგონოს, რომ მათი დასასრული იქნება ის, რასაც აკეთებენ, ხელს უშლიან საქართველოს მომავალს. ამ აქციაზე და ევროკავშირის თემის ირგვლივ ის შინაარსი და ფორმა უნდა მიიღოს აქციამ, რომელიც მაქსიმალურად მეტ ადამიანს გააერთიანებს. კედლები და ჯებირები რომ არსებობს და საზოგადოება ფრაგმენტირებულია სხვადასხვა საკითხების მიმართ, სამწუხაროდ ეს რეალობაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძე – რადიკალებზე, ჩვეულებრივ ბანდაზე, კრიმინალების შემადგენლობაზე დროის კარგვას აღარ ვაპირებ
შემდეგი სტატიაგანცხადებები რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა – დეგნანი