ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია შეტევით, მუქარით მაშინ, როდესაც საქმეს უნდა აკეთებდეს და ახლაც ბრიუსელში იყოს მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია

ყველას ბუნებრივად გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რადგანაც გვინდა, სტატუსი მივიღოთ; აქ მთავარი კითხვა არის ხელისუფლებასთან, რომელსაც კონკრეტული მექანიზმები აქვს ხელთ, ქართველი ხალხის სურვილი იქცეს რეალობად, გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს სტატუსის მიღების რეალური შანსი, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ დაიხუროს ევროკავშირის კარი საქართველოსთვის.

„საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი სტატუსი არ მივიღოთ. ნაბიჯებით, განცხადებებით, უმოქმედობით, ძალიან დამაზიანებელი პროპაგანდით, რომელშიც გამალებით არის ჩართული „ქართული ოცნება“, ყველა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ როგორმე დაიხუროს ევროკავშირის კარი საქართველოსთვის. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ამ ისტორიულ მომენტში ეს ხელისუფლება არის წარმომადგენელი დღეს საერთაშირისო ასპარეზზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, იმ შემთვევაში, თუ სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველომ კი არა, ეს იქნება ძალიან მძიმე.

„არანაირ გზავნილს დღეს რეალურად საქართველოს ხელისუფლება არ უშვებს ბრიუსელში, რომ მართალაც, მას სურს, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. პირიქით, ის დაკავებულია შეტევით, შეურაცხყოფით, მუქარით მაშინ, როდესაც საქმეს უნდა აკეთებდეს, ნაბიჯებს უნდა დგამდეს, ახლაც ბრიუსელში უნდა იყოს მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია, ესაუბრებოდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს და ამაში უნდა გამოიხატებოდეს მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ; ვხედავთ საპირისპიროს, რაც სამწუხაროდ, ძალიან აზიანებს საქართველოს შანსებს, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რასაც ასე ელოდება ქართველი ხალხი.

იმ შემთვევაში, თუ მიიღეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ და საქართველომ არა, ეს იქნება ძალიან მძიმე; მე არ მინდა, ამ მიმართულებით დღეს ვილაპარაკო. მაინც მაქვს იმედი, რომ მიუხედავად ხელისუფლების ძალიან დამანგრეველი სამსახურისა, რასაც ის ქართველ ხალხს უწევს, არ მოხდება ამ სამი ქვეყნის გაყოფა; მაგრამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველო ჩამოარჩინოს ამ სამი ქვეყნის ერთობლივ სვლას, საითკენაც ჩვენ წლების განმავლობაში მივდიოდით და არათუ თანაბრად ვიყავით უკრაინა-მოლდოვასთან, მოწინავე სახელმწიფოც კი ვიყავით ამ სამეულში; დღეს საქართველო არის „ქართული ოცნების“ კონკრეტული ნაბიჯების გამო ძალიან მძიმედ განსხვავებულ ვითარებაში. ხელისუფლებას სწორედ ეს სურს, რომ როგორმე საქართველო გამიჯნონ და ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიზ ტრასის განცხადებით, იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანელი პატიმრები, რომელთაც პრორუსი სეპარატისტების მიერ დონბასის რეგიონში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, გამოიხსნას
შემდეგი სტატია„როიტერი“ – რომის პაპმა უკრაინაში სისასტიკის გამო, რუსეთი გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ შესაძლოა, ომი რაღაც გზით პროვოცირებული იყო ან არ იქნა აღკვეთილი