ანა ნაცვლიშვილი – პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა

გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა, სამთავრობო პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ დღეიდან მთავრობის მკაცრ მონიტორინგს და მხილების პროგრამას იწყებს.

„ის ფაქტი, რომ „ლელო“ უარს ამბობს მანდატებზე და არ შედის გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში, არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ან პარლამენტს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდად იყოს და რომ ჩვენ მათ ყოველ მოქმედებას, სიტყვას თუ საქმეს ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არ გავატარებთ. ჩვენ არ მივცემთ მათ მშვიდად ყოფნის კომფორტს. „ლელოს“ ექნება მუდმივი მონიტორინგი, რას და როგორ აკეთებს მთავრობა, როგორ მუშაობს პარლამენტი და ამ მხრივ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ იყვნენ მშვიდად.

ჩვენ მოქალაქეების სახელით ძალიან მკაცრ მონიტორინგს და მხილების პროგრამას ვიწყებთ უკვე დღეიდან. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, რომელიც გახარიას მიერ არის პარლამენტში წარდგენილი – ეს არ არის პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ეს არის საბჭოთა სტილის სადღეგრძელო, რომელიც მოქალაქეებს ჰპირდება ყველაფერს, მაგრამ შეუსრულებს არაფერს. ამ პროგრამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას და კონტროლის ბერკეტს, რომ მოსთხოვოს მთავრობას კონკრეტული მისთვის საჭირო შედეგების მიღწევა, ან მოსთხოვოს პასუხი ამ შედეგების ვერ მიღწევისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს