ანა ნაცვლიშვილი: ოპოზიციის ერთიანი და ცხადი პოზიცია ყოველთვის იქნება ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ჩატარდეს ხელახალი არჩევნები

ოპოზიციის ერთიანი და ცხადი პოზიცია ყოველთვის იქნება ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიცია დაიღლება, შესცივდება, სახლში წავა ან გადაიფიქრებს, ეს არის მცდარი მოლოდინი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის მომხრეა, რომ მოლაპარაკებები გამჭვირვალე გახდეს და პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩეველს ანგარიში გაუწიოს.

„ვემხრობი, რომ ეს მოლაპარაკებები გახდეს გამჭვირვალე, ჩვენ პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენს ამომრჩეველს ჩავაბაროთ ანგარიში. მე ასე წარმომიდგენია პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მოთხოვნა ფასილიტატორების მხრიდან, რომ მოლაპარაკებების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალურად ეს ინფორმაცია არ იყოს გასაჯაროებული. ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი მიზეზებიც, თუმცა და მე ვემხრობი საჯაროობას და ამ საჯაროობის ნათელში შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი შეუთანხმებლობა, არის არჩევნების ხელახალი ჩატარების თემა და სწორედ ამიტომ გრძელდება ამდენი ხანი მოლაპარაკებები და ამდენი რაუნდი. ეს პრინციპული მოთხოვნაა ოპოზიციის, რომელიც დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას მთავარი საკითხი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან.

„ვფიქრობ, ახლა პრინციპული საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, როგორ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ამისთვის აუცილებელია ახალი და სუფთა არჩევნების ჩატარება. დანარჩენ, როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები, როგორი „რედიზაინი“ მოხდება პოლიტიკური ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ახლა ამ მოცემულობაში ის ერთიანობა, რომელიც მიიღეს ოპოზიციაში, არის უპირველესი და ამის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ წევრმა რამდენიმე ოპოზიციონერის პარლამენტში შესაძლო შესვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ეფექტი არ ექნება.

„არ მაქვს ეჭვი რომ ვინმე შევა, მაგრამ კიდეც რომ მოახერხოს ივანიშვილმა თუნდაც ათი დეპუტატის გადაბირება, საზოგადოებისათვის ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანები შეიტყუეს და გადაიბირეს, და ეს არ არის პრინციპული პოლიტიკური მოთხოვნების უკან წაღება. შესაბამისად ამას არ ექნება ეფექტი. პოლიტიკური ოპოზიციის ერთობა შედგა. მთავარია, ჩვენ მივაღწიოთ ახალ საქართველოს, რომელმაც ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს ახალი სუფთა არჩევნებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტი” ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით