ანა ნაცვლიშვილი : ნინო გვენეტაძემ იმედები ვერ გაამართლა

გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ნინო გვენეტაძისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.

“ნინო გვენეტაძის კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს წარედგინა კონსულტაციების საფუძველზე. პრეზიდენტი ღიად აღიარებდა, არ გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი და სხვა ბევრი ჯგუფის იმედები ვერ გაამართლა. მეც გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა მისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.

“ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი, როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს პროცესის მართვა. ეს შეხვედრა ემსახურება პროცედურების და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას. სხვა წრეებთანაც იქნება შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება კონსულტაციები პარლამენტთან.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კანდიდატის შერჩევის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. მას შეუძლია არავის ჰკითხოს აზრი, მაგრამ პრეზიდენტი იქცევა სხვაგვარად გამომდინარე იმ როლიდან, რომელიც სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასამართლოს თავმჯდომარეს დაეკისრება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ფართო კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარადგენს”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სულ მალე დაგაყრევინებთ თავებს…”- ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს