ანა ნაცვლიშვილი : მოსამართლეთა სიის ნაწილობრივ მხარდაჭერაც კი დაადასტურებს, რომ ეს მასკარადი ემსახურებოდა „დეკემბრის სიისთვის” ფერუმარილის მიყრას

“ქართული ოცნება” საბოლოოდ ჩამოიხსნის მართლმსაჯულების რეფორმატორის უკვე ბევრჯერ შელახულ ნიღაბს, – ამ შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრესსპიკერი ანა ნაცვლიშვილი აქვეყნებს და იმ შემთხვევაში თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან თუნდაც ერთი მოსამართლე დამტკიცდება მთელ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„როგორც კი საქართველოს პარლამენტი აირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან თუნდაც ერთ ადამიანს, “ქართული ოცნება” საბოლოოდ ჩამოიხსნის მართლმსაჯულების რეფორმატორის უკვე ბევრჯერ შელახულ ნიღაბს! მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას დაეკისრება – როგორც ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე იუსტიციის საბჭოს კლანურ მმართველობასა და კანონდარღვევებზე! ეს სია შედგენილია კონსტიტუციის დარღვევით, პროცესი იყო სრულიად არალეგიტიმური და სამარცხვინო! სიის ნაწილობრივ მხარდაჭერაც კი დაადასტურებს, რომ მთელი ეს მასკარადი როგორც საბჭოში, ასევე პარლამენტში, ემსახურებოდა მხოლოდ “დეკემბრის სიისთვის” ფერუმარილის მიყრას და სასამართლოს მიტაცების პროცესის გაფაფუკებას. ძალიან მძიმე იქნება ასეთი პასუხისმგებლობის აღება, თქვენთვისაც კი, „ოცნების“ დეპუტატებო”, – წერს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვე” პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა