ანა ნაცვლიშვილი: დღესვე აღიარეს მათ, რომ შესყიდვების ნაწილი არასწორია და რაც წერია ვეტოში, ეს არის სწორი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო ფორმალურად დაძლია და დღევანდელი დებატების ფონზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტის პოზიციისა და არგუმენტების სისწორე. ასეთი შეფასება ანა ნაცვლიშვილმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის გაცხადებების საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ დარბაზში დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ პარლამენტი პროცესებს დააკვირდება და თუკი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები რაიმე ფორმით დააზარალებს მედიაგარემოს, საკანონმდებლო ორგანო კანონზე მსჯელობას გააგრძელებს.

„ფორმალურად ვეტო დაიძლია, მაგრამ დღეს პარლამენტის დარბაზშივე მოხდა იმ არგუმენტების სისწორის აღიარება, რომელიც დაფიქსირებული იყო ვეტოში. დღესვე ითქვა, რომ არ შეიძლება, რეგულაციების გარეშე შესყიდვების პროცედურების თავის ნებაზე მიშვება და შემუშავდება კანონი. დღესვე ითქვა, რომ თუ ეს პრობლემებს გამოიწვევს, ჩვენ შევაფასებთ, გადავხედავთ და კვლავ შევცვლით კანონს. ანუ არაფერი ახალი. ეს არაერთ ვეტოზე გვინახავს, რომ ჯერ დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს, თითქოს იმ მოტივით, რომ არგუმენტები არ არის და ცოტა ხანში თვითონვე ცდილობენ, ზუსტად ის ცვლილებები შეიტანონ, რაც ვეტოში არის დაფიქსირებული, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები არის სწორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ უმრავლესობას უჭირს, აღიაროს ვეტოში მოყვანილი შენიშვნების სისწორე, იმიტომ, რომ ამ შენიშვნების ავტორი გიორგი მარგველაშვილია.

„უბრალოდ მათთვის რთულია ამის აღიარება. რთულია ამ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და ამიტომ ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია. დღესვე აღიარეს მათ, რომ შესყიდვების ნაწილი არასწორია და რაც წერია ვეტოში, ეს არის სწორი. ცოტა ხანში ნახავთ იმ აღიარებასაც, რომ დიახ, მედიაგარემოზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. რატომ ვხარჯავთ დროსა და ენერგიას ჯერ გაფუჭებაში და შემდეგ გაფუჭებულის გაკეთებაში, ეს ამოუცნობი რჩება ჩემთვის“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშირა სქემით ხდება ზეწოლა ტელეკომპანია “იბერიაზე” – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე, იური ლუცენკოს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო