ანა დოლიძე – ვიხილეთ მცდელობა, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის

სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ მოსამართლეები. ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის, – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს დღევანდელ გაფართოებულ სხდომას.

ანა დოლიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ნათლად ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ძირეული ცვლილებები.

„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემზე და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში. ეს შეხვედრა საბჭოს მხრიდან, ამ ამხანაგური სასამართლოს მოწყობის მცდელობა არის ყველაზე კარგი დასტური, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები“, განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ უპასუხეს ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ დღეს მათი მისამართით მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტთან დაკავშირებით, დოლიძის თქმით, სწორედ დუმილი იყო ერთადერთი საშუალება დღევანდელ თავდასხმებზე საპასუხოდ.

„ამ შეხვედრის ხასიათი თავიდან ბოლომდე, ის, რომ ჩვენთვის არავის შეუთანხმებია აქ ეს შეხვედრა, პირდაპირი თავდასხმები მოსამართლეების მხრიდან კონკრეტულად ჩემზე და ნაზიზე, უამრავი სასამართლო სხდომის გაუქმება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო რესურსის გახარჯვა იმისთვის, რომ მოეწყოთ ჩვენთვის ამხანაგური სასამართლო, ტოვებდა მხოლოდ ერთ საშუალებას, ხალხისთვის და თქვენთვის გვეჩვენებინა, რომ სწორედ ასეთი ამხანაგური სასამართლოების მოწყობა არის მიზეზი, რატომაც სასამართლო კორპუსს სჭირდება რეფორმირება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს პასუხობს – ყველა, ვინც აფასებს, ვინ რომელ კურსზეა და კლასში თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში
შემდეგი სტატია,,თუ პარლამენტი დეპუტატების 9-კაციანი ჯგუფის ინიციატივას დაამტკიცებს, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ”