ანა დოლიძე : უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად

უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად, როდესაც ერთი მხრივ, აგზავნის მოსაზრებებისთვის მოთხოვნას ვენეციის კომისიაში და მეორეს მხრივ, არც ელოდება ამ მოსაზრებებს და წინასწარ იღებს კანონპროექტს, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში მიმდინარე განხილვას, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.

დოლიძის განცხადებით, 2016 წლიდან პარლამენტს, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში ნომინირებული კანდიდატები ჰყავს და უმაღლეს ისტანციაში მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემის მოგვარების მიზნით, შეეძლო პირველ რიგში მათთვის ეყარა კენჭი.

„ის, რომ იურიდიული კომიტეტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებს კანონპროექტს მეორე მოსმენით, მიუთითებს, რომ უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციებს. სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება”, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არ განიხილა პარლამენტმა აღნიშნული მოსამართლეების საკითხი, დოლიძეს მიაჩნია, რომ უმრავლესობისთვის მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატია“საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ” – საგარეო საქმეთა სამინისტრო