ანა დოლიძე – სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია კვლავ „ქართული ოცნების“ შემომწირველია

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია „ბევრილი ჯგუფი და შპს „ჯეომილი“ „ქართული ოცნების“ შემომწირველია. დოლიძის განმარტებით, შპს „ბევრილი ჯგუფი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გოდერძი ჩანქსელიანს ეკუთვნოდა და ის მმართველი გუნდის შემომწირველია.
ამასთან, დოლიძის ინფორმაციით, შპს „ჯეომილის“ დირექტორს, ბესიკ ბეჟაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი აქვს შეწირული.

„მოსახლეობამ იცის, რომ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი ეტაპი ზაფხულში მიმდინარეობდა. სუბსიდირების პროგრამის არსი პირველადი და უმნიშვნელოვანესი მოხმარების პროდუქტზე – პურზე ფასების შეკავებაა. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპზე ძალიან სერიოზული კითხვებია. პირველი, სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია კვლავ „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ყველაზე დიდი კომპანია შპს „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან გადახდილ ფულს იღებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გოდერძი ჩანქსელიანს ეკუთვნოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ის გოდერძი ჩანქსელიანის ძმას ეკუთვნის. ამავე დროს, ეს კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია.
მეორე მხრივ, შპს „ჯეომილი“ , რომელმაც ასევე მიიღო სუბსიდია, „ქართული ოცნების“ შემომწირველია და მის დირექტორს, ბესიკ ბეჟაშვილს შეწირული აქვს „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი. აქ სავალალო კიდევ ის არის, რომ ეს კომპანია უმეტესწილად რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე და ინდოეთში. ისმის კითხვა – რა წესით, რა მოტივაციით არის გამართლებული ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ფულით იმ კომპანიების დაფინანსება, რომელიც ქართულიც არ არის, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და საქართველოში გადასახადს სრულად არ იხდის“,-განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა.

„რუსეთს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჩვენს ქვეყანაში თავიდან ბოლომდე გამოიწვიოს დესტაბილიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ პური, რასაც მივირთმევთ, რუსეთიდან შემოდის. როდესაც სახელმწიფო ჩვენი გადასახადებით აფინანსებს კომპანიებს, მნიშვნელოვანია, დავსვათ კითხვა, აკეთებს თუ არა სახელმწიფო რამეს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო უსაფრთხოდ ვიყოთ რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“რა მაგრად ალაგებთ!” –აქცია საგარეო უწყებასთან
შემდეგი სტატიალაშა დარსალია გახელაძის უკანონო პატიმრობაზე: საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას