ანა დოლიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნის ფაქტს აფასებს და მას დასაფიქრებელს უწოდებს.

დოლიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პოსტი გარკვეული დროის განმავლობაში ვაკანტური დარჩეს, ვიდრე კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცესი არ დასრულდება.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატები უნდა იყვნენ ენთუზიაზმით აღიარებული ევროსაბჭოს მიერ. აქედან გამომდინარე, ამ ფონზე, ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი იმათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა. გარკვეული ვადით ჩვენი ადგილი სასამართლოში ვაკანტური იქნება, რადგანაც ჩვენს მოსამართლეს ვადა იანვრის ბოლოს უმთავრდება. ამიტომ, ვერ მოვასწრებთ შესაბამისი კონკურსების ჩატარებას საქართველოდან, რაც სამწუხაროა და რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა“, – განმარტა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ანა დოლიძეს არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ისევ მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში. „ვერ გეტყვით ვერანაირად. არ მიფიქრია ამაზე“, – აღნიშნა მან.

საქართველოს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანდიდატურის შესარჩევად, ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს. ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს დღეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, საკმარისი ხმები ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილი. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი
შემდეგი სტატიაგია ცერცვაძის საქმე – პრემიერის პრესსამსახურის განცხადება