ანა დოლიძე: შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის ნაბიჯი იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით სამ მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პირველ რიგში ეს არის ორპოლუსიანობის გაძლიერების მცდელობა. მმართველი გუნდი კვლავაც აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ეს ტაქტიკა რჩება მის მთავარ საარჩევნო სტრატეგიად. მისი ოცნებაა მაგიდასთან დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ნომერი 5-იანი და ასე გაიმარჯვოს.
“ქართული ოცნება” ამ გზით, კვლავ გადის პოლიტიკური საკითხებიდან და უბრუნდება მხოლოდ იმ თემას, რომელიც მათ აწყობთ – ესაა სიძულვილი, შუღლი და დაპირისპირება. ის საკითხები კი რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი ნორმალური კამპანიის დროს, ისევ ამოვარდება დღის წესრიგიდან და ხალხის გჭირდება ისევ გვერდზე დარჩება.
მეორე – ეს არის ნაბიჯი იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ. ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის მხოლოდ საბაბი. ძირითადი მოვალეობა უნდა შეესრულებინა თავად მმართველ პარტიას – სასამართლო, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, თვითმმართველობის რეფორმა. „ქართული ოცნება“ გავიდა შეთანხმებიდან, რადგან უნდა, რომ დარჩეს მარტო საერთაშორისო პარტნიორებისგან. ხელისუფლებას რამდენიმე შემაკავებელი ფაქტორი აქვს, სასამართლო, პარლამენტი, რომელიც გააკონტროლებს, მაგრამ ჩვენ არც ერთი გვყავს. საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო, ევროსაბჭო თუ ევროკავშირი ეს არის მაკონტროლებელი ბერკეტი. როდესაც ამბობენ, რომ ყველაფერი დარჩება კონსტიტუციურ ჩარჩოშიო, ვინ არის დღეს ამის გარანტი? სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩაჯიბული. ირაკლი კობახიძე იტყვის ვიღაცის დაკავება, მოსმენა თუ მივარდნა რამდენად კონსტიტუციურია? სადაც წავალთ და სად დავიცავთ ჩვენს უფლებებს?
და მესამე – რა არჩევანი დაგვრჩენია? ჩვენ არ გვაინტერესებს ის სიძულვილი, შუღლი, დაპირისპირება და სულიერი დაბინძურება, რომლის პროპაგანდასაც ეწევიან დღეს. კონკრეტულად, პარტია „ხალხისთვის“, მე, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, ვრჩებით ჩვენი დღის წესრიგის ერთგულები და ვემზადებით არჩევნებისთვის. უნდა მივხედოთ ეკონომიკას, უნდა დავდგეთ ფეხზე ერთად, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, ინვესტიციებს, უნდა მივხედოთ განათლებას, რომელიც, ფაქტობრივად, აღარა გვაქვს. ადრე თუ გვიან „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძალაუფლება, რომელიც სიძულვილს კი არ მოემსახურება, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს”-აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიჯიმ რიში – „ქართული ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის
შემდეგი სტატიაკარპენტერი: სამწუხაროა,რომ მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გავიდა