ანა დოლიძე: ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია

„კარგია ქვეყნის გახსნა, თუმცა დაგვიანებული. დღეს გადადგმული ნაბიჯები არის პოლიტიკური აქტი პრემიერის მხრიდან, რათა განიმტკიცოს რეპუტაცია. ამ ფონზე უგუნურია კომენდანტის საათის ძალაში დატოვება და, მთავარი, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუ მას დროულად არ მოჰყვება ვაქცინაცია,“ – ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.
„ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში დავიწყე კამპანია „ქვეყანა უნდა გაიხსნას“, რომელსაც მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, პროტესტი და სხვადასხვა ღონისძიებები. თუმცა მთავრობამ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 1 მარტიდან გაიხსნას. დამეთანხმებით, ეს გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ დაგვიანებული. არაერთხელ ვთქვით, აქამდეც შეიძლებოდა ყველაფრის ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრული რეგულაციებით გახსნა – საბავშვო ბაღების, მთის კურორტების, უნივერსიტეტების, ტურიზმის სექტორის და ა.შ.. ახლა, ფაქტობრივად, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიქოქოს. მაგრამ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება ლოგიკას არ ექვემდებარება. ამას ერთადერთი ახსნა აქვს – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კომენდანტის საათი ხელისუფლებას ამყოფებს პოლიტიკურ კომფორტში და რამდენადაც შეეძლება, ამ კომფორტს გაიხანგრძლივებს. და ბოლის, უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვაქცინის შემოტანაზე. ქვეყანა იმიტომ ხომ არ გახსნეს, რომ ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, ვირუსი გავრცელდა და ისევ შემოიღონ შეზღუდვები? ასე არ გამოვა. ხელისუფლებამ ვაქცინა სასწრაფოდ უნდა შემოიტანოს, ამასთან უნდა დადოს რეალური და სამართლიანი გეგმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დასავლეთში უკვე არსებობს მთელი სისტემები ვაქცინაციის, პასპორტები და ა.შ. არსებობს ჯგუფები, რომლებიც იმოგზაურებენ, იმუშავებენ იმის მიხედვით, ვაქცინა გაკეთებული აქვთ თუ არა. ამ პირობებში ჩვენ ვართ მესამე მსოფლიოს შემადგენლობაში, რადგან ვაქცინაციას ვაგვიანებთ. ქვეყანა უნდა გაიხსნას და ვაქცინაცია უნდა დაიწყოს – ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დღესდღეობით ჩვენი მთავარი მოთხოვნა,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტარებისგან
შემდეგი სტატიაფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლიტიკური განსხვავებები ვერ გადაწყდება ძალით