ანა დოლიძე : პრინციპული მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების სია ჩააგდოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 20-კაციან სიაში წარდგენილ კანდიდატებს.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, „ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, არის სათითაოდ შერჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ“.

„ჩვენი რადიკალური და პრინციპული მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების ეს სია ჩააგდოს. დღეს ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვახმოვანებ. მოქალაქეები საკუთარ დეპუტატებს დაუკავშირდნენ, მე დღეს დავით ჭიჭინაძეს უკვე მივწერე, რომელიც ჩემი რაიონის მაჟორიტარია, ჩააგდონ სია. ამ სიის ჩაგდებას არ აქვს ალტერნატივა. არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის. ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია არის სათითაოდ შერჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ, რომელსაც სურს, მთლიანად გააკონტროლოს სასამართლო კორპუსი. ამიტომ, ჩვენი, ქართველი ხალხის ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს, რომ ეს სია ჩავაგდოთ. ეს ჩვენ დეპუტატებს უნდა მოვთხოვოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს დეპუტატებსა და დამსწრე პირებს მოსამართლეობის მსურველთა სიაც დაურიგა მოწოდებით „ჩააგდე სია“.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული ზაქრო ბუთხუზი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს