ანა დოლიძე – პაროლობანა: მოლაპარაკებებისა და რაუნდების შესახებ

„ოპოზიცია, პაროლობანათი ელაპარაკება თავის ხალხს. არ თვლის მნიშვნელოვნად, რომ ხალხს უნდა ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება. თვითონ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, ეს წარმოუდგენელია. მართლა კოლონიური მმართველობა ხომ არ არის,“ – ეს განცხადება მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. მიმართვაში ანა დოლიძე ფასილიტატორი ელჩების დახმარებით მიმდინარე ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრების გამჭირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპოზიციას საქართველოს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებას ახსენებს.

ანა დოლიძის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა ვდუმვარ და დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას. ვქომაგობ ოპოზიციის მიზანს, რადგან პირადად ვარ მოწმე და მებრძოლი იმ მასშტაბური გაყალბების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა ამ არჩევნებზე. თუმცა, დღე მინდა გულისწყრომა გამოვთქვა მოლაპარაკებაზე გასული ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ, იმ ფორმაზე, რა ფრონტშიც იმართება ეს ე.წ. რაუნდები. რამდენიმე კვირაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩაებნენ ხელისუფლების თამაშში, რადგან დათანხმდნენ იმას, რომ ეს მოლაპარაკებები წარიმართოს ქართველი ხალხისგან დაფარულად, მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები ქართველი ხალხის ნების აღსრულებას ემსახურება. შესაბამისად, კვირიდან კვირამდე, ყოველ დღე, რამდენიმე პოლიტიკოსის ერთსა და იმავე განცხადებას ვისმენთ, რომელებიც, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ არაფერს არ გვეუბნებიან. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი თამაში – პაროლობანა, რომელიც ოპოზციის წევრებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ. თამაში მდგომარეობდა იმაში, რომ ერთი გუნდი მეორეს დასდევდა და აწვალებდა იმისთვის, რომ გაეგო მისი პაროლი. ამას ჰგავს ოპოზიციის საქციელი დღეს. მაშინ, როდესაც ოპოზიცია გთხოვს ხალხს, დავუდგეთ გვერდში საპროტესტო აქციების დროს, გვთხოვს მხარდაჭერას, მოთმინებას, მივიდეთ აქციებზე, დავდგეთ სიცივეში. ამ პირობებში კვირების განმავლობაში ხალხისთვის პასუხი, რომ ცოტაც მოითმინეთ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა წერია იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, რომელიც ქართველი ხალხის სახელით უნდა გაფორმდეს, არის არასწორი.
არასწორია სამი მიზეზის გამო: 1. რა მაგალითს ვაძლევთ დემოკრატიაში ჩვენ ხალხს, როცა ვაჩვენებთ, რომ ვართ ანგარიშვალდებული უცხოელი ელჩების წინაშე, ვეკითხებით აზრს, გავდივართ კონსულტაციას და არაფერს ვეუბნებით იმ ხალხს, რომელსაც წარმოვადგენთ. რამდენად განსხვავებულია ეს იმ საქციელისგან, რასაც თავიდან ბოლომდე გვიჩვენებდა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს. სულ ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ხალხს. კი ეს ასეა, ისინი არ გვეუბნებიან არაფერს და არც ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულნი არიან ჩვენ წინაშე. ისინი ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ნამდვილად არასწორია, როცა ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც ასევე პაროლობანათი ელაპარაკება თავის ხალხს. არ თვლის, რომ ხალხს უნდა ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება. თვითონ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, ეს წარმოუდგენელია. მართლა კოლონიური მმართველობა ხომ არ არის? რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს აშშ, რომელიც ჩემთვის მეორე სამშობლოცაა, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩთან გავდიოდეთ კონსულტაციებს, რა ვუთხრათ ხელისუფლებას და წამით არ ვაბარებთ ელემენტარულ ანგარიშს, მოკლე შინაარსს მაინც, ქართველ ხალხს.
2. რატომ არის ეს საქციელი პრობლემა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თამაშის რელსებში ჩააბა ოპოზიცია. „ოცნებამ“, ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ასე კულისებში სიარული და ერთი და იგივეს გამეორება, როცა შვიდი პოლიტიკოსი იმეორებს ერთსა და იმავეს, რომ სათქმელი არ აქვს, თქვენვე გაკარგვინებთ რეიტინგს და სანდოობას. ნახეთ სოცქსელები, ნახეთ თქვენივე საახლობლო წრე, თუ რას ფიქრობენ ამაზე, როცა ყოველ დღე ეთერში იმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ. ძალიან ვწუხვარ, რომ „ოცნებამ“ ოპოზიციონერები თავის რელსებზე გადაგიყვანათ. გახსოვთ, როგორ დასრულდა თეთრი ხმაურის აქციები თავის დროზე? მთავარი მიზეზი ამ აქციების ფიასკოსი იყო დახურულ მოლაპარაკებებზე შესული რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც სწორედ დახურულ მოლაპარაკებებზე შეიყვანა გიორგი გახარიამ. როგორ მოიგო ნიკო ფაშინიანმა თავის დროზე სომხეთის პრეზიდენტთან? მხოლოდ იმ აქტით, რომ მან მოითხოვა ღია მოლაპარაკებები ტელევიზიის მეშვეობით და იქვე დასრულდა სომხეთის წინა ხელისუფლება. ანუ, ფარულ და კულუარულ მოლაპარაკებებზე გადაყვანა, როცა ხალხს არაფერს ეუბნებით, ნიშნავს, რომ „ოცნებისთვის“ ეს არ არის ქულების დამკარგველი. ოცნება არ თამაშობს დემოკრატიას, მას გამოჰყავს ხალხი არჩევნებზე, ყიდულობს მათ, ან აძალებს ხმის მიცემას. იმავე თამაშის წესებზე გადასვლა ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის.
3. როდესაც თქვენ სთხოვთ ხალხს, დაგიდგნენ მხარში, მოვიდნენ აქციებზე, შუბლით შეუვარდნენ რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულებას, ამას ხომ საპასუხო ნაბიჯი სჭირდება და ამ დროს არც კი ვეუბნებით რაზე ვთანხმდებით მათ მაგივრად. ვეუბნებით მე ვიცი პაროლი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი, შეიძლება მესამე ან მეოთხე რაუნდზე გითხრათ. რა სიგნალს აძლევთ ხალხს ამით? როგორ უნდა მოიპოვოთ მათი ნდობა, როდესაც ელემენტარულ სათათბირო საკონსულტაციო პროცესში არ რთავთ. არა მგონია ეს სწორი იყოს.
ესაა სულ მცირე სამი მიზეზი. არ დაგვავიწყდეს მარტის გამოცდილება. როდესაც მოხდა 8 მარტის შეთანხმება და მერე წარიმართა უზარმაზარი კონფლიქტი, თუ რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია კულუარებში. ეს მოხდა იმიტომ, რომ შეთანხმება იყო კულუარული და ამან ფაქტობრივად ოთხი-ხუთი თვის დაკარგვა გამოიწვია.
ამიტომ მეგობრებო, მე ვარ ერთ-ერთი პირი, რომელიც არის ამ მიზნის ცალსახა ქომაგი, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა თამარ ჟვანიას პირობებში. თუმცა ეს ფორმა, პაროლობანა არ მგონია იყოს გამოსადექი, საჯაროობა და უშუალო კონტაქტი ხალხთან, არის ის მთავრი ჯოკერი, რომელიც გვიჭირავს ჩვენ ხელში და არ უჭირავს ხელისუფლებას. ეს ჯოკერი ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ნუ დავუთმობთ ამ მთავარ კოზირს ხელისუფლებას,“ – აცხადება ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა