ანა დოლიძე – მწვანე პასპორტი კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია ხელისუფლების ხელში მოხვდეს

„მწვანე პასპორტი კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება და პირადი ინფორმაცია ხელისუფლების ხელში მოხვდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი  დაუცველია,“ – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მწვანე პასპორტის ამოქმედება.
„დავიწყებ იმით, რომ არავითარი ანტივაქსერი არ ვარ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა აცრილები ვართ, რადგან ვფიქრობ, რომ აცრა არის ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება. მაგრამ ეს კოვიდ პასპორტების შეზღუდვის თემისგან განსხვავდება. რა ფონზე შემოაქვს ხელისუფლებას მწვანე პასპორტები? პირველი – როდესაც ხელისუფლებას სრული ჩავარდნა აქვს ჯანდაცვის სფეროში და პანდემიის მართვის უსერიოზულესი პრობლემების წინაშე ვდგევართ. ამის შედეგია და ხელისუფლების კისერზეა ყოველდღიურად დაღუპული 80-ამდ ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 12 ათასს გადააჭარბა.  და მეორე, როდესაც ხელისუფლებას დარღვეული აქვს სოციალური კონტრაქტი – ჩვენი უსაფრთხოება. „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს. ჩვენი, თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაუცველია. ეს არის ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანის პირადი ინფორმაციით შანტაჟი ნორმალური გახდა, პირადი ცხოვრების დეტალები ტელევიზიით ან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მიყურადების ფაილები მთელმა ქვეყანამ იხილა. აქედან გამომდინარე, რა საშუალება გვაქვს ჩვენ ვიფიქროთ, რომ კოვიდ პასპორტის შედეგად შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული? რომელ საბავშვო გასართობ ცენტრში თუ  რესტორანში წავედით, რომელ დაწესებულებაში შევედით, ეს ყველაფერი ბოლოს თავს მოიყრის ღარიბაშვილისთვის მოსახსენებელ კრებსებში. და ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ იგი დაცული იქნება?  მე პირადად არ მჯერა. აქედან გამომდინარე,  მწვანე პასპორტების ამოქმედება საქართველოში ძალიან არასწორი და არადროულია. კოვიდ პასპორტის შემოტანა ევროპის ქვეყნების მაგალითით არასწორია, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში უსაფრთხოების თემები არ დგას. ამასთან, იქ არის დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა. ჩვენ კი ასეთი დამცველი ინსტიტუტები არ გვაქვს.  ქედან გამომდინარე, ევროპული მაგალითები საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად არარელევანტურია,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამოსამართლე კოჭლამაზაშვილმა პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა