ანა დოლიძე – მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV – ფონდის თანხები

“ფინანსთა სამინისტროს გასაიდუმლოებული აქვს STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს სერიოზულ კორუფციას. შეიძლება მსგავსი კორუფცია ვიპოვოთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის ვაქცინის შემოტანის პროცესში,” – აცხადებს მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.
„საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხებს „ქართული ოცნება“ საკუთარი ოჯახისა და მათთან დაახლოებული ბიზნესების გამდიდრებისთვის იყენებს. ამ ეჭვებს აძლიერებს ის გაუმჭვირვალობა, რომელიც ახასიათებს კოვიდ 19-თან ბრძოლის სახელმწიფო ფონდს, საიდანაც დაახლოებით 140 მილიონი ლარამდეა დახარჯული. ვისთან და რა ტიპის ხელშეკრულებები დაიდო, რა მომსახურება შეისყიდა სახელმწიფომ – ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია და ფინანსთა სამინისტრო, რომელიც განკარგავს ამ სახსრებს, ვალდებულია კანონმდებლობის მიხედვით ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს. ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო დღემდე უარს ამბობს მოგვაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია. ამიტომ დღეს საქალაქო სასამართლოში ვასაჩივრებთ მათი მხრიდან ინფორმაციის გაუცემლობას და გაუმჭირვალობას. გვაქვს ეჭვი, რომ აქ ხორციელდება სერიოზული კორუფცია, მსგავსი კორუფცია შეგვიძლია ვიპოვოთ ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ვაქცინის იმპორტთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს ანა დოლიძე.
მოძრაობა “ხალხისთვის” წარმომადგენლებმა 2020 წლის 4 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს მიმართეს და ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა ეს ინფორმაცია დღემდე არ მიუღიათ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიასასამართლომ ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნო