ანა დოლიძე ხელისუფლებას „ადამიანის ღირსების შემლახავი“ ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებს

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ კახა კალაძის მოწოდება, ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააპროტესტა და ხელისუფლებას ადამიანის ღირსების შემლახავი ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდა.

როგორც დოლიძემ განაცხადა, არ აპირებს შეუერთდეს კალაძის მოწოდებას. მისი თქმით, ეს მოწოდება გაგრძელებაა საბჭოთა პოლიტიკისა, რომელსაც „მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ ატარებს“.

„კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ. ჯერ ერთი, შარშან, ზუსტად სექტემბერში, სწორედ კახა კალაძის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საპარლამენტო კანდიდატს მოუხსნა ნარკოტესტის ჩატარების ვალდებულება. თუ წელს ეს ინიციატივა, არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მაშინ ვსვამ შეკითხვას, შარშან არ იყო ეს პრიორიტეტი? მეორე და უმთავრესი, წლების განმავლობაში დგას საკითხი, რომ ის მეთოდი, რომლითაც დღეს ხდება ნარკოდამოკიდებულებაზე შემოწმება, კამერის და თანამშრომლის თანდასწრებით მოშარდვა, არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის ადამიანის ღირსების პირდაპირი შელახვა. მით უმეტეს, ამ მეთოდის გატესტვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჩვენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ხდება პირადი ინფორმაციის თუ ჩაწერის გავრცელების შესაძლებლობა, აშკარად საშიში და მიუღებელია. ეს პროცესი შეიცავს საფრთხეს, რომ კადრები, რომელსაც გადაიღებენ ინტიმურ სიტუაციაში, გამოყენებული იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსების ან ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.

ამიტომ, მე არ ვაპირებ შევუერთდე კალაძის მოწოდებას, თუმცა მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოვუწოდო ხელისუფლებას, პოლიტიკური ფლირტაობის მაგივრად მიხედონ საქმეს – შეიცვალოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მოძველებული, საბჭოთა მეთოდი და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაინერგოს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანის ღირსების კონსტიტუციით დაცულ ნორმებს დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, ამ ცვლილებას საზოგადოების დიდი ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს – კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან
შემდეგი სტატიამენაბდე: მოდელი, რაც ახლა არის შემოთავაზებული, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს