ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანია „ეს შენ გეხება“ წევრებს შეხვდა და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესახებ კონსულტაციები გამართა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, მოძრაობის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გიორგი გოცირიძე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოდან“ გიორგი ბურჯანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ლიკა საჯაია ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე პრობლემურ დებულებას შეიცავს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტურქტურებთან კონსულტაციებს აწარმოებს, რათა ჩამოაყალიბოს ისეთი პოზიცია, რომელიც იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებებთან და გადაწყვეტილებასთან.

ანა დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციებს სთავაზობს.

„ჩვენ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს ყველა შესაბამის ორგანოსთან, ვთავაზობთ კონსულტაციას საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციებს და გამოვლინდება ის თემები რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, ან რომლებზეც გაგრძელდება დისკუსია. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში.

ვფიქრობთ, გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია, იმიტომ, რომ ჩართული ვართ საზოგადოებასთან, პარლამენტთან მუშაობაში და ვთავაზობთ მათ, რომ ყველა პრობლემური საკითხი კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღესვე, ანა დოლიძე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან შეხვედრას გეგმავს.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უკვე შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიყირიმელი თათრები გაეროს მოუწოდებენ ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად აღიაროს
შემდეგი სტატიატრამპმა ამერიკული რეტეილერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი ქალიშვილის პროდუქციაზე უარი თქვა