ანა დოლიძე და მისი პარტიის წევრები არჩევნების მეორე ტურზე თბილისსა და რუსთავში დამკვირვებლები იქნებიან

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და პარტიის გუნდის სხვა წევრები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე თბილისსა და რუსთავში დამკვირვებლები იქნებიან.

„პარტიას „ხალხისთვის“ არაერთხელ გვითქვამს, რომ ორპოლუსიანობის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იკარგება სიმართლე და ვშიშობთ, რომ 30 ოქტომბერსაც, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას სიმართლე დაიკარგება. 2004 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებში დამკვირვებელი ვიყავი, ასევე ვიყავი დამკვირვებელი აშშ-ში, კანადაში და ნორვეგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე არცერთ პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევანის შესახებ მოსახლეობას სიმართლეს მიუტანს და დაიცავს მთავარ ფასეულობას – დემოკრატიას, პირადად მე და ჩემი გუნდის 30-მდე წევრი ვემსახურებით საქართველოში დემოკრატიულ ფასეულობას იმით, რომ ვიქნებით დამკვირვებლები თბილისში და რუსთავში. ამით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პირველწყარო ვიქნებით მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისადმი, რომელსაც არ სურს, რომ იყოს ორპოლუსიანობის მძევალი და სურვილი აქვს სიმართლე გაიგოს რა მოხდება არჩევნების დღეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღარიბაშვილის განცხადებები დაცლილია ყველაფრისგან, რაც შეიძლება ლიდერს და ხელისუფალს ახასიათებდეს.

“პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, როგორც ადამიანურად ისევე პოლიტიკურად უნდა შევაფასოთ. ადამიანური გადმოსახედიდან, როგორც ჩანს ხელისუფლების მმართველი რგოლი დაიცალა ყველანაირი ადამიანური გაგებისაგან, თანაგრძნობისაგან და იმ ელემენტარული ჰუმანიზმისაგან, რომელიც ჩვენი კულტურით უნდა გაგვაჩნდეს თუნდაც მტრის მიმართ. ღარიბაშვილის განცხადებები დაცლილია ყველაფრისგან რაც შეიძლება ახასიათებდეს ლიდერს და ხელისუფალს, თუნდაც ყველაზე სერიოზული ოპონენტების მიმართ. რაც შეეხება პოლიტიკურად, ეს განცხადებები უკვე ძალიან სერიოზულად საშიშია. ღარიბაშვილის განცხადებები არის ავტორიტარიზმის ნიშნები. ვშიშობ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შემდეგ გადავლენ სერიოზულ ავტორიტარულ და რეპრესიულ მეთოდებზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მამა – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემ შვილს პირდაპირი მნიშვნელობით კლავენ
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – რევოლუციურ სცენარებზე სააკაშვილი საუბრობს, რად უნდა ამას პრემიერის ან ჩემი დამტკიცება